spot_img
Monday, June 9, 2025
28.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოპოლიციამ ლოს ანჯელესში პროტესტანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

პოლიციამ ლოს ანჯელესში პროტესტანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

ლოს ანჯელესში მიგრანტების საპროტესტო აქციები მესამეა დღეა გრძელდება. დამწვარია ავტოსატრანსპორტო საშუალებები. კვირას, 8 ივნისს, სულ მცირე 10 ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველებმა იმ პროტესტანტების დასაშლელად, რომლებმაც მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტეს, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

კაცი მოტოციკლეტით მექსიკის დროშას აფრიალებს იმ დროს, როდესაც ატლანტიკის ბულვარზე ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან კვამლი ამოდის, დემონსტრანტებისა და სამართალდამცველების დაპირისპირების დროს, ლოს ანჯელესის ოლქის ქალაქ კომპტონში, კალიფორნია, აშშ, 2025 წლის 7 ივნისი. REUTERS/ბარბარა დევიდსონი

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის დაახლოებით 2,000 ჯარისკაცი განლაგდა ლოს ანჯელესში არეულობების აღსაკვეთად, ხოლო 500 საზღვაო ქვეითი „მზადყოფნაში იმყოფება“ ლოს ანჯელესის აღმოსავლეთით, 230 კმ-ში მდებარე ბაზაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ლოს ანჯელესში კალიფორნიის გუბერნატორის გავინ ნიუსომის მოთხოვნის გარეშე ეროვნული გვარდიის ჯარების უპრეცედენტო განლაგება დაიცვა, როგორც „კანონისა და წესრიგის“ დასამყარებლად გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი.

გუბერნატორმა თქვა, რომ ტრამპის ქმედებები „უკანონო“ და „ამორალურია“ და დაიმუქრა, რომ უჩივლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ლოს ანჯელესის მერმა კარენ ბასმა თქვა, რომ „რასაც ჩვენ ვხედავთ ლოს ანჯელესში, ეს არის ქაოსი, რომელიც პროვოცირებულია ადმინისტრაციის მიერ“ და პროტესტანტებს დემონსტრაციის მშვიდობიანი წარმართვისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპმა, რამდენიმე საათის შემდეგ, რაც გამოაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე ჯარები განთავსდებოდა, მადლობა გადაუხადა ეროვნულ გვარდიას „კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“.

ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიის 2000 წევრი განთავსდებოდა დოკუმენტაციის არმქონე მიგრანტების დასაკავებლად განხორციელებული რეიდებით გამოწვეული არეულობების აღსაკვეთად.

ტრამპი აცხადებს, რომ „რადიკალი მემარცხენეების პროტესტები არ იქნება შეწყნარებული“. იგი აღნიშნავს, რომ ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების გამოყენება აიკრძალება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში წერს.

„ეროვნული გვარდიის შესანიშნავი სამუშაო ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური გუბერნატორი და მერი, რომლებსაც, როგორც ჩვეულებრივ, არ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ამოცანას (უბრალოდ შეხედეთ, როგორ გაუმკლავდნენ ისინი ხანძრებს და ახლა მათი ძალიან ნელი რეაგირება კატასტროფაზე). წამქეზებლებისა და ხშირად პრობლემების შემქმნელების მიერ დაფინანსებული ორგანიზებული რადიკალი მემარცხენეების პროტესტი არ იქნება შეწყნარებული​ასევე, ამიერიდან ნიღბების ტარება არ დაიშვება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“, – წერს ტრამპი.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ 

ბოლო სიახლეები