ფლორიდის მცხოვრებლები ჩქარობენ გადაუდებელი სამზადისის დასრულებას – ან უბრალოდ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების დატოვებას – რადგან ქარიშხალი მილტონი მჭიდროდ დასახლებული ტამპას ყურისკენ მიემართება.
მილტონი ამჟამად მეხუთე კატეგორიის ქარიშხალია, რომელსაც მძვინვარე ქარი ახლავს თან, რომლის სიჩქარე საათში 270 კმ/სთ-ს აღწევს. მოსალოდნელია, რომ ის მთელი ძალით ოთხშაბათ ღამით დაატყდება თავს ფლორიდას, არადა ორ კვირაზე ნაკლები დროა გასული მას შემდეგ, რაც აღნიშნულ შტატს დამანგრეველმა ქარიშხალმა ჰელენმა გადაურა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა სამშაბათს ფლორიდის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი სახლები, რადგან „სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხი“ დგას, სახელმწიფო კი, წლების განმავლობაში ყველაზე დიდ ევაკუაციურ ძალისხმევას ახორციელებს.
გუბერნატორმა რონ დესანტისმა სამშაბათს განაცხადა, რომ ფლორიდის მთავრობამ მოქალაქეებისთვის ევაკუაციის ზონების გარეთ ათობით თავშესაფარი მოამზადა.
დესანტისმა ასევე თქვა, რომ სატვირთო ავტომანქანებმა ბენზოგასამართ სადგურებზე საწავავის დამატებითი რაოდენობა გადაიტანეს, ამასთან, ელექტრო მანქანების დამტენი სადგურებიც განლაგდა გზებზე, რათა ევაკუაციის პროცესი შემსუბუქებულიყო.
ორი კვირაც კი არ არის გასული, რაც ქარიშხალმა ჰელენმა – 2005 წლის კატრინას შემდეგ ყველაზე მომაკვდინებელმა ქარიშხალმა – რომელიც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაატყდა თავს, სულ მცირე 225 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასეულობით სხვა კი ამ დრომდე დაკარგულად არის გამოცხადებული. 225-დან მინიმუმ 14 ადამიანი ფლორიდაში შეეწირა სტიქიას, სადაც ამჟამად, მილტონის მოახლოების ფონზე, 67 ოლქიდან 51-ში მოსახლეობა გადაუდებელი გაფრთხილების ქვეშაა მოქცეული.
ქარიშხლის ეროვნულმა ცენტრმა გააფრთხილა მოქალაქეები, რომ მოემზადონ ძლიერი ქარისთვის, რამაც შესაძლოა, ჯერ კიდევ ქარიშხალ ჰელენის მიერ გამოწვეული ნგრევისას ქუჩებში მიმოფანტული და იქ დარჩენილი ნამსხვრევები ჰაერში აიტაცოს და მეტი საფრთხე შექმნას.
წვიმის სახით მოსული ნალექის საერთო მაჩვენებელმა შეიძლება 15 ინჩს (38 სმ) სიმაღლეს მიაღწიოს, ხოლო სანაპირო რაიონებში შესაძლებელია 3-4.5მ ტალღები წარმოიშვას.
ახალი ქარიშხლის მოახლოება იმ ფონზე ხდება, როდესაც აშშ-ის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქარიშხალ „ჰელენის“ შემდეგ დასუფთავების ძალისხმევას შესაძლოა, წლები დასჭირდეს.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „ჰელენის“ მიერ დაზარალებულ ფლორიდის რაიონებში 12 000 კუბურ იარდზე მეტი ნარჩენი ამოიღეს ორ დღეზე ნაკლებ დროში.
ასობით გზა ამ დრომდეა ჩაკეტილი, რაც ხელს უშლის დახმარების გაგზავნას მძიმედ დაზარალებულ ადგილებში.
ფლორიდის გარდა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ჯორჯიაში, სამხრეთ კაროლინაში, ტენესში და ვირჯინიაში – და ყველაზე მეტად დაზარალებულ შტატში, ჩრდილოეთ კაროლინაში.
ბაიდენმა დამატებით 500 ჯარისკაცის განლაგება ბრძანა ჩრდილოეთ კაროლინაში. სამხედროები, რომელთა რაოდენობა ამჟამად 1500-ს შეადგენს, ათასობით სამთავრობო დახმარების თანამშრომელთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად იმუშავებენ.
პრეზიდენტმა დაზარალებულ შტატებს ფედერალური დახმარების სახით ამ დრომდე თითქმის 140 მილიონი დოლარი დაუმტკიცა.
GUARDIANGE