spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებათბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან დარღვევით მშენებლობებზე ჯარიმები გაიზრდება

თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან დარღვევით მშენებლობებზე ჯარიმები გაიზრდება

ფოტო: თბილისის მერიის Facebook-ის გვერდიდან

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების ზრდაზე კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება, – განაცხადა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ იზრდება.

„2017 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ადგილობრივ ხელისუფლებაში, მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა ამ მიმართულებით. გავამკაცრეთ რეგულაციები და ჯარიმები, რაც მტკივნეული იყო, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ბიზნესს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ხელს ვუწყობთ, მაგრამ ქალაქის იერსახის, ისტორიული ძეგლების განადგურების ხარჯზე ამას ვერ და არ დავუშვებთ. 2018 წელსვე მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ სანქციები. უფრო მეტიც, მოგვიანებით კვლავ მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.მიუხედავად ამისა, დაწესებული სანქციები, რიგ შემთხვევებში, მაინც ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ბერკეტი ზოგიერთი მშენებელი კომპანიისთვის და მსგავსი ტიპის სამართალდარღვევებს, სამწუხაროდ, კვლავ ვაწყდებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდეს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს პარლამენტთან, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდას – I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ გაზრდას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით განსაზღვრული ჯარიმების ზუსტი ოდენობები დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ადგილობრივი მთავრობის ინიცირებულ ამ მნიშვნელოვან კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

„ა) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – I და II კლასის მშენებლობის შემთხვევაში, 8 000 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს ჯარიმას 24 000 ლარის ოდენობით;

III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.

ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – I კლასის მშენებლობისთვის გამოიწვევს ჯარიმას 24 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად, აქამდე არსებული 8 000 ლარისა;

სხვა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის კი, ჯარიმა 25 000 ლარის ნაცვლად, გახდება 125 000 ლარი.

გ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის – I კლასის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირები 2 000 ლარის ნაცვლად, 6 000 ლარით დაჯარიმდებიან;

II კლასის შემთხვევაში, ჯარიმა 4 000 ლარის ნაცვლად, იქნება 12 000 ლარი;

III კლასის შემთხვევაში, 10 000 ლარის ნაცვლად, ჯარიმას 50 000 ლარის ოდენობით გამოიწვევს;

IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 75 000 ლარი.

აღნიშნულ კანონპროექტს განსახილველადპარლამენტს გადავუგზავნით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მას ექნება მხარდაჭერა, რადგან ქალაქისთვის ზრუნვა მნიშვნელოვანია. გვაქვს სამშენებლო დარღვევების კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც მოსახლეობაში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. გვინდა, ყველა ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ჯარიმების გაზრდა გარკვეული პრევენციული მექანიზმი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო სიახლეები