GUARDIANGE – აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალოუკიში პარტიის ყრილობაზე „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაზე თანხმობა ოფიციალურად განაცხადა და თქვა, რომ ის ყველა ამერიკელისთვის იმუშავებს.
„ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანხმოება და განხეთქილება უნდა განიკურნოს. როგორც ამერიკელებს, ჩვენ გვაკავშირებს ერთიანი ბედი და საერთო ბედისწერა. ჩვენ ან ვდგებით ერთად, ან ვიშლებით.
„მე მთელი ამერიკის პრეზიდენტობას ვაპირებ და არა ნახევარი ამერიკის“, – დასძინა მან.
სცენაზე წუთიერი დუმილი გამოცხადდა კორი კომპერატორის პატივსაცემად, რომელიც პენსილვანიაში ტრამპის მიტინგზე გამოსვლის დროს სროლისას დაიღუპა.
50 წლის მოხალისე მეხანძრე-მაშველს იმ დროს მოხვდა ტყვია, როდესაც იგი სროლის დაწყებისას ოჯახის წევრებს გადაეფარა.
„მან სიცოცხლე უანგაროდ დაკარგა, იგი მოქმედებდა, როგორც ადამიანური ფარი, რომ ისინი მფრინავი ტყვიებისგან დაეცვა“, – თქვა ტრამპმა.
სცენაზე, პენსილვანიაში მოკლული კომპერატორის სახანძრო ჩაფხუტი და ქურთუკი იყო გამოტანილი და ტრამპიც იქვე, გვერდით იდგა.
სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა მისი მკვლელობის მცდელობაზე პირველად ისაუბრა მას შემდეგ, რაც შაბათს, 13 ივლისს, პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე შეიარაღებულმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
„ამას ჩემგან მეორედ ვერასდროს გაიგებთ, რადგან ამის თქმა ძალიან მტკივნეულია“, – უთხრა მან შეკრებილებს.
„მე გავიგე ხმამაღალი ხმა და ვიგრძენი, რომ რაღაც ძლიერად მომხვდა მარჯვენა ყურში.
„ჩემს თავს ვუთხარი: „ვაიმე, ეს რა იყო – ეს მხოლოდ ტყვია შეიძლება იყოს“- და მარჯვენა ხელი ყურთან მივიტანე, ჩამოვისვი და ხელი სისხლით მქონდა დაფარული.
„მაშინვე მივხვდი, რომ ეს ძალიან სერიოზული იყო, რომ ჩვენ თავდასხმის ობიექტი ვიყავით და ერთი მოძრაობით დავეშვი მიწაზე“.
„ყველგან სისხლი იღვრებოდა და მაინც, გარკვეულწილად, თავს ძალიან დაცულად ვგრძნობდი, რადგან ღმერთი ჩემ მხარეს იყო.
„ბოლო მომენტში თავი რომ არ შემებრუნებინა, მკვლელის ტყვია ზუსტად მიაღწევდა მიზანს და მე ამაღამ თქვენთან ერთად არ ვიქნებოდი.
„მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი ამ საღამოს. მე ვდგავარ თქვენ წინაშე ამ სცენაზე მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის წყალობით“, – განაცხადა ტრამპმა.