GUARDIANGE – 18:52 საათზე განახლებული სტატია – ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში „მძიმედ დაეშვა“, – განაცხადა ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, აჰმად ვაჰიდმა.
თავდაპირველი ვერსიით კი, როგორც ამას სახელმწიფო ტელეარხი Press TV იტყობინებოდა, ვერტმფრენი, რომელსაც პრეზიდენტი რაისი გადაჰყავდა – ჩამოვარდა.
სამაშველო ჯგუფები ამ დროისთვის ცდილობენ იმ ადგილზე მისვლას, სადაც ინციდენტი მოხდა. მდგომარეობას უამინდობა ართულებს.
როგორც Tasnim-ი იტყობინება, ვერტმფრენის ბორტზე პრეზიდენტის გარდა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი მალიქ რახმატი და სხვა პირები იმყოფებოდნენ.
ბორტზე მყოფი ირანის პრეზიდენტის და სხვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია არმია, პოლიცია და ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების თანამშრომლები. მედიის ცნობით, სარდლობის ცენტრს პრეზიდენტის გარემოცვიდან დაუკავშირდნენ, რაც იმედს იძლევა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა.
პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომელშიც მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები ისხდნენ, უსაფრთხოდ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, იბრაჰიმ რაისისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართა.
რაისი კვირას ადრე აზერბაიჯანში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ხუდაფერინის ჰიდროელექტროკომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებისა და მდინარე არაზზე აშენებული გიზ გალასის ჰიდროელექტრო კომპლექსის გახსნის ცერემონიაში.