spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიინვესტიციებითბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება

რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ წინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგა პროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4-4,5 მილიონი მგზავრი. იცით, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მოსალოდნელია მომავალშიც ვიზიტორების სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა ძველი აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900 მილიონი დოლარი. ახლის აშენების ფასი არის დაახლოებით მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრებამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახლის მშენებლობას, ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას შემდგომი გაფართოების პერსპექტივით“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

„ყველაფრის გათვალისწინებით. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდგომ რამდენიმე წელიწადში ქვეყანას ექნება, თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი ჩვენი გათვლებით. ჩვენი გათვლებით 0,2 პროცენტულ პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად საშუალად 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს,მ რომ მოამზადა ეს პროექტი. ახლა მთავარია, რომ წავიდეთ წინ და უზრუნველვყოთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქვეყანა ახალი ულტრათანამედროვე აეროპორტით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები