spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი საჯარო და კერძო სკოლებს გაეგზავნება

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი საჯარო და კერძო სკოლებს გაეგზავნება

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლაში – წამყვანი მასწავლებელი ქეთევან ნასყიდაშვილი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული  პიროვნება.

სამინისტროს მიზანია, დოკუმენტის ახალი პროექტის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და ყველა დაინტერესებული მხარე. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი გაეგზავნება საჯარო და კერძო სკოლებს და ასევე განთავსდება საჯაროდ.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, 26 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამინისტროს ოფიციალურ ელ.ფოსტაზე – pr@mes.gov.ge გამოაგზავნოს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაცია დოკუმენტის პროექტის შესახებ.

მიღებული უკუკავშირების დამუშავებისა და გაანალიზების  შედეგად საბოლოო ვერსიას განიხილავს მთავრობა და შემდეგ წარედგინება პარლამენტს.

დოკუმენტის ახალი პროექტი – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემა უზრუნველყოფს პიროვნული, ეროვნულსახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე, ღირსეული ცხოვრებისათვის მომზადებული კონკურენტუნარიანი მოქალაქის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემა და ვალდებულებები, დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის არსი, მუდმივ ცვალებად გარემოში საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადეკვატური ჩართულობის მნიშვნელობა, მდგრადი განვითარებისა და სამშვიდობო თანაცხოვრების პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად მოქმედება.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:

1.ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;

2.ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;

3.დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მატარებელი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს სახელმწიფოებრიობასთან, პატრიოტიზმთან და საკაცობრიო იდეალებთან;

4.ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არამხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ, სულიერ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ;

5.დამოუკიდებელი ცხოვრებისა და გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მისაღებად მომზადებული, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების სფეროების უწყვეტი განვითარების უნარის მქონე მოქალაქის აღზრდა;

6.ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მატარებელი და დამცველი პიროვნების აღზრდა;

7.ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით, ინდივიდებთან და სახელმწიფო ინსტიტუციებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

8.თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ‘ციფრული მოქალაქეობის’ უნარის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელიც ყოველდღიურად შეძლებს ტექნოლოგიური და ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით საქმიანობაში;

9.ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნულ, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ განვითარების რაციონალურ მიზნებს.

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე, ინკლუზიაზე, კეთილგანწყობაზე, მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და აქტივობაზე, ხელმისაწვდომობასა და კომუნიკაციის სათანადო კულტურაზე დაფუძნებული და ორიენტირებული გარემო.

საქართველოს კონსტიტუციაზე, აღიარებულ დემოკრატიულ საგანმანათლებლო-პედაგოგიკურ პრინციპებსა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაყრდნობით იქმნება ყველა ის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელი ამოცანების გადაწყვეტას.

ბოლო სიახლეები