საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თქვა, რომ საზოგადოებას აქვს სრული უფლება, სწორედ მისგან მოისმინოს – რას ნიშნავს მისი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე და ქვეყნის საგარეო კურსზე.
„საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს – რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ – ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის; საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება – როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე-ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბების იდეაზე შეაჩერა ყურადღება და თქვა, რომ ქვეყანას სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.
„დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ, მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – თქვა ზურაბიშვილმა.