საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქალაქის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის (გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ან მოსამართლის განჩინება) გარეშე ჩაატარა უკანონო ჩხრეკა და ვითომდა ნივთმტკიცების სახით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქისა და მასთან ერთად მცხოვრები სხვა პირის კუთვნილი პირადი ნივთები ამოიღო, რითაც დაზარალებულებს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით), ხოლო ამავე სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.