spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარისამართალი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებულები აცხადებენ, რომ მათზე ფიზიკურად იძალადეს

[ვიდეო] თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებულები აცხადებენ, რომ მათზე ფიზიკურად იძალადეს

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოსახლებული ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესში ადგილი ჰქონდა მათზე ფიზიკურ ძალადობას.

„სადარბაზოში დავარტყი კეფა, ეს მახსოვს და მერე რაღაც მომენტები აღარ მახსოვს. ჩემს საბუთებიან, პატარა ჩანთას ვეძებ… დალეწეს ყველაფერი, ყველაფერი… სახლში შემოასხეს სპრეი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის, მესამედ მოსული მევახშეების მფარველი კაცის აქცია-პერფორმანსი“, – უთხრა „მთავარ არხს“ ბინიდან გამოსახლებულმა ქალმა.

„ჯერ კარი გაჭრეს, რაღაცეებს გვასხამდნენ, გვგუდავდნენ, კარს დიდი ხანი ჭრიდნენ, კარი რომ გაჭრეს უკვე, შემოვიდნენ, ძირს დავსხედით, ბევრნი ვიყავით, 60 კაცი, მოგვიწოდეს, რომ გადითო და რა თქმა უნდა, ჩვენ დანებებას თავიდანვე ჩანდა, რომ არ ვაპირებდით, დაგვიწყეს ფეხებით ცემა… ერთ-ერთმა ხელი მომკიდა და ზურგში ჩამარტყა ფეხი პირდაპირ, გამომათრია გარეთ, სადაც პატრულის ორი თანამშრომელი იდგა და იმათმაც, ორივემ მუხლებით მცემეს და გამომაგდეს“, – ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიურომ განცხადება გაავრცელა და როგორც მასშია აღნიშნული, გამოსახლების პროცესი კანონის სრული დაცვით ხორციელდება.

„2024 წლის 23 იანვრის 11:00 საათიდან აღსრულების პოლიცია, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე, მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ ექვსი წლის განმავლობაში ხუთჯერ გადაიდო. ამ დროის განმავლობაში აღსრულების ეროვნულმა, ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.

აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანების ფაქტზე – ორი, ხოლო პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 18 პირი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მიმდინარე წლის 23 იანვარს, 11:00 საათიდან იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.

შეკრებილმა მოქალაქეებმა პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკურ წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.

პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთები.

გამოსახლების პროცესში პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ორი პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე დაკავებულია 18 პირი.

დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები