spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარისლაიდერზეჯანდაცვის მინისტრი: დადასტურდა, რომ კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის, ყველაზე მძიმე პაციენტების, სახელმწიფოს წინააღმდეგ...

ჯანდაცვის მინისტრი: დადასტურდა, რომ კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის, ყველაზე მძიმე პაციენტების, სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას – ფასის გაზრდას მედიკამენტებზე

კონკურენციის სააგენტოს მიერ, დადასტურდა ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალიან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე და ძალიან მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ბრალდება არის ძალიან მძიმე. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე სამჯერ-ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა, რის გამოც ადამიანები თვეების განმავლობაში რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე;

დადასტურდა, რომ კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის, ყველაზე მძიმე პაციენტების, სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას – ფასის გაზრდას მედიკამენტებზე.

ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ გარიგებას, იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა.

მსურს, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე, ასევე მივმართავ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი”, – აღნიშნა მინისტრმა.

უფრო ადრე ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა.

მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს.

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა.

დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული.

გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები;

გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები.

ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბოლო სიახლეები