spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოალექსეი არესტოვიჩი: უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით...

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს, ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს

უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან ნიკოლაი ფელდმანთან „იუთუბ-არხზე“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ალექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, სტამბოლის სამშვიდობო ინიციატივები, რომლებსაც რუსეთი აყენებდა, არ იყო ცუდი.

„უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ პასუხისმგებლობის განაწილება ჩვენს სამხედროებსა და ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს შორის დაიწყო. ლოგიკა ასეთია, ჩვენ სტამბოლში მოვილაპარაკებდით, მაგრამ თქვენ დიდ ომში ჩაგვითრიეთ და ამ დიდი ომის დროს ჩვენ არასაკმარისად მოგვამარაგეთ, რომ ეს დიდი ომი გავქაჩოთ, რაც სიმართლეა. თუმცა არა დიდ ომში ჩათრევის ნაწილში, აქ ჯერ კიდევ დასადგენია, რა მოხდა. მე ვიყავი სტამბოლში მოლაპარაკებების მონაწილე, თუმცა გულწრფელად არ ვიცი როგორ მოხდა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ სტამბოლის მოლაპარაკებების შეწყვეტა. მახსოვს ძალიან ბევრი ემოციური საუბარი ბუჩაზე, რომ ბუჩას შემდეგ, ასე არ შეიძლება. თუმცა მახსოვს, რომ რუსული მხარე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა სამშვიდობო ინიციატივებზე და ვიტყვი, რომ სტამბოლის სამშვიდობო ინიციატივები სულაც არ ყოფილა ცუდი“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი განცხადებით, სტამბოლს მოლაპარაკებებზე რუსები ყირიმის საკითხზე პოლიტიკურ დისკუსიაზეც კი აცხადებდნენ თანხმობას და უპრეცედენტო დათმობებზე წასასვლელად იყვნენ მზად.

არესტოვიჩის თქმით, ასეთი დათმობები რუსეთის მხრიდან აღარ იქნება.

„ბევრი საუბრობდა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თუმცა სად არის ეს ნატო? გვიღებს ის თუ არა და მოგვიღებს თუ არა? თუმცა ახლა რუსები ამბობენ, რომ არანაირი ნატო არავითარი პირობებით, ეს მათთვის წითელი ხაზია. თუმცა ახლა 300 ათასი ადამიანი შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო და ნახევარი უკრაინა არ იქნებოდა დანგრეული, დანაღმული“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ფელდმანმა არესტოვიჩს სტამბოლისა და ბელარუსის მოლაპარაკებების შესახებ დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, იყო თუ არა ამ მოლაპარაებების მიზანი რუსეთის მოდუნება და არა ნამდვილი მოლაპარაკებების გამართვა.

ალექსეი არესტოვიჩის თქმით, სტამბოლსა და ბელარუსში გამართული მოლაპარაკებები რუსეთთან იყო რეალური და უნდა დასრულებულიყო რეალური შეთანხმებით, რომელიც უკრაინისთვის იყო მომგებიანი.

„არახამია, რა თქმა უნდა, იყო, დელეგაციის ხელმძღვანელია და ის უფრო მეტად იყო ჩართული ვიდრე მე, თუმცა მე იქ ცოტა დრო გავატარე. კერძოდ, გარკვეული დრო ვხელმძღვანელობდი რუსებთან მოლაპარაკებების სამხედრო ნაწილს. შემდგომ, როგორც მესმის, რუსების მითითებით, ბელარუსებმა ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მითხრეს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე ვერ იქნებოდა დელეგაციის წარმომადგენელი, თუმცა მაინც ვიჯექი კადრს მიღმა და ვიღებდი მონაწილეობას. შემიძლია გითხრა, რომ ეს მოლაპარაკებები იყო სავსებით რეალური და უნდა დასრულებულიყო სავსებით რეალური შეთანხმებით. ჩემი შეფასებით, ეს შეთანხმება ჩვენთვის იყო მომგებიანი. რუსეთი წავიდა ყველა სახის დათმობაზე, რომლებზეც ის აღარასდროს წავა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ჩვენ ახლა მოგვცემენ 15-ჯერ მეტ შეიარაღებას, ვიდრე მოგვცეს და რამდენიმე მარცხს არ განიცდიან ფრონტზე. ვშიშობ, ჩვენ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან სამუდამოდ გავუშვით. თუმცა არ გამოვრიცხავ, 1,5-პროცენტიანი ალბათობით, რომ დასავლეთი უცებ გონს მოეგოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ იქნება მოლაპარაკებები, ასეთი პირობები აღარ იქნება, რუსებმა უკვე იგრძნეს ძალა, ჩვენი და დასავლეთის სისუსტე და ისინი უკვე აღარ წავლენ ამაზე, მოთხოვნები იქნება უარესი. ამაშია პრობლემა. ახლა იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს ჩვენ დროს ვაჭიანურებდით, საკუთარი შრომის გაუფასურების გზით, არ არის სიმართლე. საჭიროა, სიმართლის თქმა. ტყუილი გარეთ, ტყული შიგნით, რადგან მაშინ მოუწევთ თქმა, თუ როგორ მოხდა ისე, რომ შეთანხმებებს ხელი არ მოეწერა, როგორ გადავწყვიტეთ მათზე უარის თქმა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა აღნიშნა, ხდება პასუხისმგებლობის გადაბრალება მოლაპარაკებების გაუფასურების გზით.

როგორც არესტოვიჩმა თქვა, მოლაპარაკებები სერიოზული, პასუხისმგებლიანი და უკიდურესად დაძაბული ხასიათის იყო და მათი გაუფასურება არ ღირს.

ამასთან, არესტოვიჩმა თქვა, რომ მან არ იცის, ვინ ჩაითრია უკრაინა ამ დიდ ომში, ეს პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ იცის, თუმცა როდესაც ომი დაიწყო, უკრაინამ ვერ მიიღო სათანადო მხარდაჭერა.

„არ ვიცი, ვის გამო გაგრძელდა დიდი ომი, თუმცა ის, რომ ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს და არ მოგვცეს არათუ გამარჯვებისა და გათავისუფლების, არამედ ეფექტიანად წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ტერიტორიების დაკარგვის, უამრავი სისხლის დაღვრის გარეშე, ეს სიმართლეა“ , – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება.

„რაში მდგომარეობს სტრატეგიული ჩიხი? პირველი – დასავლეთის პოზიციაში, რომლის ნაწილი მზად არის ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ეს დასავლეთის ინტერესებშია, რომ პარიტეტი არ დაირღვეს ჩინეთის სასარგებლოდ და მას არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი რუსეთის სახით, რაც მათ გარდაუვალი ჰგონიათ მისი დანგრევის შემთხვევაში, ან არ გაჩნდეს უზარმაზარი ნაცრისფერი ზონა, რომლის ადმინისტრირებასაც ისინი ვერ შეძლებენ და რომელიც გლობალურად დაარღვევს სტაბილურობას. მესმის, ეს არის კანონიერი მიზანი, თუმცა მისი მიღწევა სხვაგვარად შეიძლებოდა. ახლა მისი მიღწევა ხდება აბსოლუტური ცინიზმით, უკრაინული სისხლის დაღვრით. მეორე მომენტი – ჩვენი პოლიტიკური კლასის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიჩლუნგე და კორუფცია. მესამე არის პატრიოტული სურათი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს და არაფერი აქვს სართო რეალობასთან“, – განაცხადა არესტოვიჩმა, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

ბოლო სიახლეები