spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების სპეციალური წარმომადგენლების დელეგაციას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოვლინებას ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მიმართულ პარლამენტის საქმიანობაზე, მიღწეულ შედეგებსა და მოლოდინებზე. მისი თქმით, საქართველოს პროგრესი ასახულია გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და სხვა მიმართულებებით.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის.

დირკ შუბელმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენლმა, აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ევროკომისიის მოსაზრების გამოქვეყნებას. მისი თქმით, დელეგაციის ვიზიტის მიზანი იმის განხილვაა, თუ როგორ შეუძლია აღმოსავლეთ პარტნიორობას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

მან ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ძირითად პრიორიტეტზე – დაკავშირებადობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობაზე. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაძლო ჩართულობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრებში.

შეხვედრაზე საუბარი, აგრეთვე, შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, რეგიონული მშვიდობის საკითხებს, საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ განვითარებებს, საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, საპარლამენტო დონეზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ბოლო სიახლეები