ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.