spot_img
Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკანათია თურნავა: დოლარის გაყიდვა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვხედავთ რაიმე ერთჯერადი ფაქტორის...

ნათია თურნავა: დოლარის გაყიდვა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვხედავთ რაიმე ერთჯერადი ფაქტორის გავლენის რისკს, რამაც შეიძლება, დიდი მერყეობა გამოიწვიოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სავალუტო აუქციონებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სავალუტო ბაზარს ფუნდამენტური პრობლემები არ აქვს და საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყიდვა მხოლოდ ერთჯერადი რისკის თავიდან აცილების მიზნით ხდება.

მისი თქმით, აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეიძინა, საპირისპირო ინტერვენცია კი ათჯერ ნაკლებია და ჯამში, 150 მლნ დოლარს შეადგენს.

ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი 17 ოქტომბერს გამართა და 40 მლნ დოლარი გაიყიდა. ჯამურად, 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 166 750 000 აშშ დოლარი გაყიდა.

„ეკონომიკაში ვითარება დადებითია. ზრდა კვლავ მაღალია, ხოლო ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი. ეს, მათ შორის, ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია. რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, ფუნდამენტური პრობლემები ბაზარს არ აქვს და კურსი მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. მიწოდებას რაც შეეხება, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები კვლავაც მდგრად დონეზეა, ჩვენ ვაგროვებთ სავალუტო რეზერვებს და ვყიდულობთ, როცა ამის შესაძლებლობაა.

მოგეხსენებათ, აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეიძინა. საპირისპირო ინტერვენცია ათჯერ ნაკლებია და ჯამში, 150 მლნ დოლარს შეადგენს. დოლარის გაყიდვა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვხედავთ რაიმე ერთჯერადი ფაქტორის გავლენის რისკს, რამაც შეიძლება, დიდი მერყეობა გამოიწვიოს. ანუ კურსის მერყეობის გასანეიტრალებლად ხდება ეს. ზოგადად, მცურავი სავალუტო რეჟიმის ერთგულები ვართ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეკითხვაზე, იყო თუ არა ერთჯერადი ფაქტორი სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილება, თურნავამ უპასუხა, რომ ლარის კურსის მაშინდელი მერყეობა დოლართან მიმართებით პოლიტიკური განცხადებებით და პანიკის შემქმნელი მოწოდებებით იყო გამოწვეული.

„ერთჯერადი ფაქტორი იყო სხვადასხვა მხრიდან პოლიტიკური მოწოდებები, პანიკის შემქმნელი მოწოდებები მოსახლეობის მიმართ, რომ საფინანსო სისტემა ჩამოგვექცა, ჩამოიქცა ეროვნული ბანკი და არიქა, გაიტანეთ დეპოზიტები. ეს იყო მავნებლობა იყო და ასეთ დროს ჩვენი მოვალეობაა, გავანეიტრალოთ მავნე მოწოდებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე“, – აღნიშნა თურნავამ.

ბოლო სიახლეები