spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაახალქალაქის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან: არ მაქვს სინანულის...

ახალქალაქის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან: არ მაქვს სინანულის განცდა იმისა, თუ რატომ არ გავხდი ექიმი და რატომ ავირჩიე მასწავლებლის პროფესია – ერთი რამ საერთოა, იქაც ადამიანებს უნდა დავხმარებოდი და აქაც

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა რიმა მკოიანმა მთავარ ამოცანად მშობლიური სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაისახა მიზნად და მიუხედავად იმისა, რომ ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახად ხანგრძლივი დრო დასჭირდა, საბოლოოდ მაინც მიაღწია იმას, რომ ავარიული სკოლა სრულად აღდგენილიყო. განათლების სამინისტროსთვის მიწერილმა არაერთმა წერილმა მისთვის სასურველი შედეგი დიდი დროის გასვლის შემდეგ გამოიღო, თიმცა დღეს კმაყოფილია, რომ 2021-2022 სასწავლო წლიდან დილისკის №1 საჯარო სკოლამ სწავლა ახალ გარემოში განაახლა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან

„ჩვენი სკოლა ავარიული იყო, ყველა კლასში ბოძი იყო ჭერზე მიბჯენილი, რომ სახურავი არ ჩამოვარდნილიყო. 2004-2005 წლებში რემონტი გავაკეთეთ, თუმცა ეს არ იყო სრულყოფილი, უბრალოდ სახურავი შევაკეთეთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სკოლა ისევ რჩებოდა ავარიულად. არაერთ წერილს ვუგზავნიდით განათლების სამინისტროს თხოვნით, რომ ახალი სკოლა აეშენებინათ, მაგრამ 2008 წელს ჩვენთან ამოსულმა კომისიამ, შენობის მდგრადობის შემოწმების შემდეგ გვითხრა, რომ შეიძლებოდა ამ სკოლის გარემონტება – გაკეთდა რემონტი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, მიუხედავად ამისა, ძველი შენობა მაინც ძველ შენობად რჩებოდა“, – უთხრა GUARDIANGE-ის რიმა მკოიანმა.

როგორც მან აღნიშნა, სრულიად ახალი სკოლის აშენება ვერ შეძლო, მაგრამ იმდენი მაინც მოახერხა, რომ დღეს დილისკის №1 საჯარო სკოლა კაპიტალურად არის გარემონტებული და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სრულიად უსაფრთხო გარემოა შექმნილი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლა

„ამის მერეც არ შემიწყვეტია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა და მივაღწიეთ იმას, რომ სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია მომხდარიყო, 2020 წელს დასრულდა სარემონტო სამუშაოები და 2021-2022 სასწავლო წელს პრაქტიკულად ახალ სკოლაში დავიწყეთ სასწავლო პროცესი. თავადაც ხედავთ, რომ დღეს სრულიად თანამედროვე სკოლა გვაქვს. წელს უკვე მესამედ დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი ახალ სკოლაში. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც დაგვეხმარა ამ დიდ საქმეში და არა მხოლოდ კაპიტალურად აღადგინეს სკოლა, არამედ სრულიად ახალი ინვენტარიც გადმოგვცეს. ჯამში 2 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყელას, ვინც ჩვენი სატკივარი გულთან მიიტანა და თანადგომა გამოგვიცხადა, რადგან სოფლისთვის, სადაც სკოლის გარდა შეიძლება ითქვას, რომ არაფერი მუშაობს, თანამედროვე სკოლა უაღრესად მნიშვნელოვანია. მეტი ხალისი აქვთ ბავშვებსაც და პედაგოგებსაც, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არ გვაქვს სპორტული დარბაზი და სააქტო დარბაზი, სადაც ღონისძიებებს ჩავატარებდით. ასევე, ახალი მოთხოვნების შესაბამისად, აუცილებელია გვქონდეს სასადილოც. შევხედავთ, შევძლებთ თუ ვერა სკოლის ბიუჯეტით ამ ყველაფრის გაკეთებას, და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, ისევ განათლების სამინისტროსთვის მოგვიწევს თხოვნით მიმართვა“, – განაცხადა რიმა მკოიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან პედაგოგებთან ერთად

დირექტორის ინფორმაციით, დილისკის №1 საჯარო სკოლაში ამჟამად სულ 25 პედაგოგია დასაქმებული, მისი ჩათვლით, მათგან 15 უფროსია, ერთი წამყვანი, 2 მაძიებელი, დანარჩენები კი პრაქტიკოსი, რომელთაც პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, არაქართულენოვან სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე გაუხანგრძლივდათ მუშაობის უფლება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი იამზე მსხვილიძე – GUARDIANGE მასზე სტატიას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ

რიმა მკოიანი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრმა ოჯახმა დატოვა სოფელი და საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, მიგრაციის მაღალმა პროცენტულმა მაჩვენებელმა კი ის შედეგი მოიტანა, რომ სკოლაში, სადაც 800-ამდე მოსწავლე ირიცხებოდა, ბავშვების რაოდენობა 225-ამდე ჩამოვიდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან

„საბჭოთა პერიოდში 700-800 ბავშვი სწავლობდა სკოლაში, სამი პარალელური ჯგუფი იყო ყველა კლასში. როცა მე დავამთავრე სკოლა, სამი მე-11 კალსი იყო პარალელური და თითოეულ კლასში 32 მოსწავლე ირიცხებოდა, ახლა საერთო ჯამში 225 მოსწავლე გვყავს. 90-იანი წლებიდან თანდათან კლებისკენ წავიდა მოსწავლეთა რაოდენობა. ბევრი ჩვენი თანასოფლელი რუსეთში წავიდა საცხოვრებლად, ზოგმა ქალაქის სკოლებში გადაიყვანა ბავშვები, რადგან მშობლებს, შიშიდან გამომდინარე, არ სურდათ თავიანთი შვილების გაშვება ავარიულ სკოლაში. გარდა ამისა, შობადობაც შემცირებულია. ადრე ყოველი ოჯახიდან 5-6 ბავშვი დადიოდა სკოლაში, ახლა კი 1-2-ზეა ჩამოსული. ამასთან, წელს, 12 პირველკლასელი ახალქალაქის №2 რუსულ საჯარო სკოლაში წაიყვანეს მშობლებმა. ბევრი მიდის ჩვენი სოფლიდან ახალქალაქის რუსულ სკოლაში.

საგაკვეთილო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

თუმცა ჩვენი სკოლაც ვერ იტევს მოსწავლეთა დიდ რაოდენობას, მაგალითად ერთ კლასში წელს 33 მოსწავლე გვყავს, უბრალოდ სუნთქვა არ შეიძლება ამ კლასში, რადგან აუდიტორიაც საკმაოდ ვიწროა. მივმართეთ სამინისტროს თხოვნით, რომ კლასის გაყოფის ნება დაგვრთონ. თუმცა არის კლასები, სადაც 20 ბავშვზე ნაკლებიც გვყავს“, – განუცხადა GUARDIANGE-ის რიმა მკოიანმა.

საგაკვეთილო პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

დირექტორის შეფასებით, სკოლაში საქართველოს სახელმწიფო ენის სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს და მოსწავლეებში ქართული უნივერსიტეტებისკენ სწრაფვის დიდი სურვილი აღინიშნება.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი არეფ გაბრიელიან გაკვეილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი არეფ გაბრიელიან გაკვეილის ჩატარების პროცესში

„ჩვენს სკოლაში ქართული ენის სწავლება შესანიშნავად მიმდინარეობს. თითქმის ყველა კარგად სწავლობს, რადგან მაღალი დონის მასწავლებლები გვყავს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მხოლოდ წელს, ჩვენი სკოლის 15-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა სასწავლებელში, მათგან 11-მა თბილისში, 4-მა კი ერევანში. საერთო ჯამში, 12 აბიტურიენტი ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში, დანარჩენებმა კი პროფესიული განათლების მიღება არჩიეს. გასულ წელს რვამ ჩააბარა უმაღლესში, ორი ოქროს მედალოსანი გვყავდა, წელს კი 4 ოქროს მედალოსანი. ასე რომ, ჩვენს სკოლაში ქართული ენისა და სხვა საგნების სწავლებაც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს“, – აღნიშნა რიმა მკოიანმა, თუმცა სინანულით დაამატა, რომ სკოლებში გამოცდების გაუქმებამ ცუდად იმოქმედა სწავლების დონეზე.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის უფროსი მასწავლებელი ანნა პაპიკიან გაკვეილის ჩატარების პროცესში – GUARDIANGE მასზე სტატიას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ

„სასწავლო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ყველა მოწადინებულია, რომ ისწავლოს და სურვილი აქვთ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარონ, მაგრამ ზოგადად, უნდა ითქვას, რომ სკოლებში გამოცდების გაუქმებამ ცუდად იმოქმედა სწავლების ეფექტურობის მხრივ. ნიშნების დაწერას მაშინ ჰქონდა ფასი, როცა ბავშვებს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისას კომპიუტერებს ვჩუქნიდით. მაშინ ინტერესი და მოტივაცია მეტი იყო, ახლა კი ამბობენ, რომ გინდ 5, გინდ 6 ქულა დაგვიწერეთ, მაინც დავამთავრებთო სკოლას. ეს მე არ მომწონს. თუმცა ისეთები, რომელთაც არ უნდათ სწავლის გაგრძელება, მაინც უფრო ცოტანი არიან“, – განაცხადა დირექტორმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის ქართულის როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი იამზე მსხვილიძე პირველკლასელებთან გაკვეილის ჩატარების პროცესში
პირველკლასელების ქართული ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

მისი ინფორმაციით, დილისკის  №1 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის ქართულენოვან სკოლებთან თანამშრომლობის კუთხით.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან გაკვეილის ჩატარების პროცესში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან გაკვეილის ჩატარების პროცესში

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს მუნიციპალიტეტის ქართულ სკოლებთან, ჩვენი სოფლიდან ახლო მანძილზეა პტენის და ჩუნჩხის ქართული სკოლები. ბავშვებს სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში არაერთხელ ჰქონდათ კონტაქტი ერთმანეთთან, თამაშობენ ფეხბურთს თავიანთი გუნდებით, ერთად აკეთებენ პრეზენტაციებს, ჩვენ იქ გვყავდა ბავშვები წაყვანილი, მათ ჩვენთან მოიყვანეს, დავდივართ ოჯახებში სტუმრად, გვაქვს კარგი ურთიერთობა. ისეთი სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობები, რომელიც ერთმანეთთან აახლოებს სომეხ და ქართველ ბავშვებს, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა დილისკის  №1 საჯარო სკოლის დირექტორმა.

ინგლისური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში
ინგლისური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში
ინგლისური ენის გაკვეთილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლაში

რიმა მკოიანი მიიჩნევს, რომ სკოლის დირექტორის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნაა, რისთვისაც სკოლაში მაღალკვალიფიციური პედაგოგების დასაქმებასთან ერთად, მისი აზრით, გადამწყვეტი, კოლეგებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების არსებობაცაა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პედკოლექტივი

„დირექტორმა უნდა შეძლოს, რომ კოლექტივში მეგობრული ატმოსფერო სუფევდეს. თავის მაღლა აწევა, რომ შენ დირექტორი ხარ, არასწორია, უნდა იყო ყველა სხვა კოლეგის თანასწორი და არა თავაწეული. ისედაც ესმით პედაგოგებს, რომ დირექტორს პატივი უნდა სცენ. ასე რომ, ჩვენს სკოლაში ჯანსაღი ურთიერთობებია დირექციასა და პედაგოგებს შორის. საკითხებს ერთობლივად და სამართლიანად ვწყვეტთ“, – აღნიშნა რიმა მკოიანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის პედაგოგები

მან GUARDIANGE-ის უთხრა, რომ ბავშვობაში ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა ბედმა პედაგოგის პროფესია არგუნა.

„ექიმობა მინდოდა, მაგრამ როცა სკოლა დავამთავრე, წარჩინებით, მითხრეს, რომ სკოლაში პიონერ-ხელმძღვანელი სჭირდებოდათ და მე შემომთავაზეს ეს ადგილი, შემდეგ კომკავშირის კომიტეტის მდივანი გავხდი, შემდეგ დაუსწრებლად ჩავაბარე უნივერსიტეტში და სკოლაში დავრჩი მასწავლებლად. დღევანდელი გადმოსახედიდან, არ მაქვს სინანულის განცდა იმისა, რომ სამედიცინო სფეროში არ ვმუშაობ. ერთი რამაა საერთო ამ ორ პროფესიაში – იქაც ადამიანებს უნდა დავხმარებოდი და აქაც. მნიშვნელობა არ აქვს ვის როგორ ეხმარები, მთავარია რომ ეხმარები და მთელ გულს დებ შენს საქმეში“, – განუცხადა GUARDIANGE-ის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, რიმა მკოიანმა.

მოკლე ბიოგრაფიული ცნობები რიმა მკოიანის შესახებ

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიან

დაიბადა 1959 წლის 27 ოქტომბერს ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკაში, დილისკის საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1988 წელს კიროვაკანის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა, სკოლაში კი 1979 წელს დაიწყო მუშაობა, ჯერ პიონერ-ხელმძღვანელად, შემდეგ დაწყებითი კლასების მასწავლებლად. წლების განმავლობაში მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგედ, 2005 წლიდან კი, მოქმედი დირექტორის გარდაცვალების შემდეგ, დირექტორად დაინიშნა და დღემდე, უკვე 18 წლის განმავლობაში, აღნიშნულ პოსტზე მუშაობს, პარალელურად სომხურ ენას ასწავლის, არის უფროსი მასწავლებელი.

ბოლო სიახლეები