spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიორუსეთით იმედგაწბილებული სომხეთი, შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება

რუსეთით იმედგაწბილებული სომხეთი, შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნებისთვის ემზადება

რუსეთის ფედერაციის ხანგრძლივი მოკავშირე, სომხეთი, რომელმაც არაერთხელ გამოხატა იმედგაცრუება კრემლისადმი, სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავს. ეს მოიცავს რუსეთის ეგიდით შქმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის დატოვების მუქარას და სამხედრო წვრთნების მასპინძლობაზე უარს. აღნიშნულის შესახებ Business Insider-ი წერს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები სახელწოდებით „Eagle Partner 2023“ 11-დან 20 სექტემბრამდე ჩატარდება და გამიზნულია იმისათვის, რომ მოემზადოს მისი ძალების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩასართავად.

აშშ-ის სამხედრო წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს 85 ამერიკელი და 175 სომეხი ჯარისკაცი.

რუსეთსა და სომხეთს ათწლეულების განმავლობაში აქვთ კარგი ურთიერთობა. ადრე სომხეთი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ახლა კი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალი საერთაშორისო ჯგუფის წევრია. სომხეთში ასევე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სომხეთის იმედგაწბილება რუსეთთან მიმართებაში აშკარაა.

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას – ნატოს რუსეთის ეკვივალენტს – რომლის წევრიც ის არის, დახმარება სთხოვა მეზობელ აზერბაიჯანთან ბოლო სასაზღვრო შეტაკების დროს. რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილმა ალიანსმა კი, არ გაუგზავნა სამხედრო დახმარება, რამაც გააბრაზა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ფაშინიანმა რუსეთის პასუხს უწოდა „დამთრგუნველი” და „უაღრესად დამაზიანებელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის იმიჯისთვის, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, ფიზიკური დისტანცირება ისურვა პუტინთან ჯგუფური ფოტოს გადაღებისას და სამიტის დროს დეკლარაციის პროექტზე ხელმოწერაზე უარი თქვა.

მაისში მან თქვა, რომ სომხეთმა შესაძლოა დატოვოს ალიანსი, თუ მისი სარგებელი სომხეთისთვის არ დადასტურდება.

იანვარში სომხეთმა გააუქმა სამხედრო წვრთნები რუსეთთან, ხოლო ივნისში ფაშინიანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა „არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინასთან ომში“ და რომ ის თავს რუსეთსა და დასავლეთს შორის ხაფანგში გაბმულად გრძნობდა.

ფაშინიანმა ახლახან ისიც განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ სახელმწიფოზე დაყრდნობა, მის შემთხვევაში რუსეთზე, „სტრატეგიული შეცდომა“ იყო.

ექსპერტებმა Insider-ს განუცხადეს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გაამძაფრა ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების იმედგაცრუება რუსეთთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ეჭვები ამ ქვეყნებში იმის შესახებ, შეეძლო თუ არა რუსეთს მათი დაცვა, უფრო მეტიც, შიშიც კი წარმოშვა, რომ შესაძლოა თავადაც გახდნენ რუსეთის სამიზნეები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დააჩქარა მისი გავლენის შესუსტება რეგიონში, გაზარდა ჩინეთისა და თურქეთის ძალისხმევა იქ, განუცხადა Insider-ს იელის უნივერსიტეტის რუსული, აღმოსავლეთ ევროპული და ევრაზიული კვლევების პროგრამის დამფუძნებელმა თომას გრემმა.

ბირმინგემის უნივერსიტეტის ექსპერტი რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკითხებში, იაროსლავა ბარბიერი Insider-თან ამბობს, რომ რუსეთის რეგიონული რეპუტაცია, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის წყარო, „ნაფლეთებად არის ქცეული“.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენები შემაშფოთებელია, „განსაკუთრებით არსებულ ვითარებაში. ამიტომ, ჩვენ ღრმად გავაანალიზებთ ამ სიახლეებს და დავაკვირდებით სიტუაციას”, იტყობინება Reuters-ი.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

ბოლო სიახლეები