spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და ევროკავშირთან არსებულ პარტნიორობაზე, მაღალი შეფასება მიეცა უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტს როგორც მხარდაჭერისა და პარტნიორობის მორიგ დადასტურებას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესისა და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. აღინიშნა, ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია რეკომენდაციების შესრულებისთვის ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად, რომლის შედეგადაც რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ფაზაშია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების პროცესის გაგრძელების მიმართ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნებას.

მთავრობის მეთაურთან ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ჩართულობით არსებულ გლობალური ხასიათის პროექტებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოზე, რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ევროკავშირის მნიშვნელობაზე, ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში საქმიანობისთვის.

მოგვიანებით, ბორელთან გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უზრუნველყოფილ იქნა რეკომენდაციების შესრულების ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც განხორციელდა როგორც ინსტიტუციური რეფორმები, ასევე ინიცირებულ იქნა 100-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა როგორც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების, ისე ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განსაზღვრული რეფორმების პროცესის მიმართ ქართული მხარის ერთგულებას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის.

გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სათანადოდ დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გადაიდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დადებითი შეფასება მიეცა ასოცირების შეთანხმების, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, შესრულების პროცესს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და სექტორულ დაახლოებას და მნიშვნელოვნად ამზადებს ქვეყანას ევროკავშირში წევრობისთვის.

მხარეები მიესალმნენ ევროკავშირთან მაღალი დონის თანამშრომლობის არსებულ დინამიკას, მათ შორის, გადაწყვეტილებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრის მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამართვის გადაწყვეტილებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლზე ევროპასა და აზიას შორის ენერგოდერეფნებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ჩართულობით მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, შავი ზღვის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

ქართულმა მხარემ უმაღლეს წარმომადგენელს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე მაღალი შეფასება მიეცა ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები