spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მე მგონი ყველამ...

სალომე ზურაბიშვილი: მე არსად არ მივდივარ, ჩემს გადადგომაზე ოცნება მე მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა.

“დღეს მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებას, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება – ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი, ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

მე ვიცი როგორი მომავალი გინდათ თქვენ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას – იქნება ეს კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან თუ რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამ ქვეყანაში – შეიძლება ეს ყველაფერი არ იყოს გადაჭრილი, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება მოგვარებული, როცა ჩვენ ევროკავშირს შევუერთდებით. ეს ჩვენი ერთადერთი პერსპექტივაა.

ამიტომ, მე არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე ოცნება მე მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე იმ დღეს, როცა ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ინაუგურაცია იყო. და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული ვიქნები. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც გვიკარნახებს და რომელიც მეც მივიღე იმ დროს, როცა ცვლილებები შევიდა ამ კონსტიტუციაში, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც მის შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყო. მე ეს ჩემს უმაღლეს და უპირველეს ვალდებულებად მიმაჩნია.

ამიტომ დავდივარ. ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში. ვსარგებლობ იმით რაც ჩემი კონტაქტები და ჩემ მიმართ ნდობაა, რომელიც პირველ რიგში თქვენ მიმართ ნდობაა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და მთელი ევროპისთვის არ გეჩვენებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ, ალბათ, სხვადასხვა ლიდერებთან შეხვედრისას მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა. მათ იციან, რომ მე თქვენი არჩეული ვარ, რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი თქვენი არჩეულია. ამიტომ გვიჭერენ მხარს, ამიტომ მხვდებიან ამ პატივისცემით. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ. და მე ვარ ამაყი, რომ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში მე თქვენ წარმოგადგენთ. მე ვარ ამაყი, რომ დღეს მე ამას ჩემი სახსრებით ვაკეთებ. თუმცა, სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი. ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავისი სახსრებით, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

გავაგრძელებ, მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ და მოვახერხებ, რომ ამ ორთვე-ნახევარში-სამ თვეში მოვიარო მთავარი და შესაძლოა ევროპის ყველა დედაქალაქი, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა.

ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასოდეს არ იქნება, არასოდეს არ დაუბრუნდება, არასოდეს არ დადგება რუსეთის ფეხქვეშ. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს ერთად დასაცავი, ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ჩვენი ერთიანი, მუდმივი სვლა სანამ ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც საქართველოს ადგილია. ეს მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება ეს იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ მისი მომავალიც ამაზე არის დამოკიდებული.

მე თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ!

ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს!”

ბოლო სიახლეები