spot_img
Saturday, June 14, 2025
18.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა – თეირანი შურისძიებით იმუქრება

ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა – თეირანი შურისძიებით იმუქრება

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დარტყმები თეირანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელდა და დაღუპულთა შორის სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვებიც არიან.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენეარალი ჰოსეინ სალამი ემსხვერპლა (დაბლა ფოტოზე).

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმების შედეგად, ასევე მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი (დაბლა ფოტოზე).

ბაგერი ირანის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი იყო. ის რევოლუციური გვარდიის რიგებს 1980 წელს შეუერთდა.

ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან „უახლოეს მომავალში“ კონტრ-დარტყმებს ელოდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“.

„ისრაელი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია, ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, ისრაელისა და ყველა ერის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სიკეთის ბოროტებაზე ბრძოლა სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისთვის. ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ოპერაციის მიზანია „ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ირანის ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე დარტყმა“.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ირანს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები აქვს ისრაელისთვის ზიანის მიყენებისთვის.

„ჩვენ ამისთვისაც მოვემზადეთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და დაამატა, რომ ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.

„ამ ნაბიჯებმა ირანი მოკლე დროში ბირთვული იარაღის შექმნასთან უფრო ახლოს მიიყვანა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ. რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ. როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს, დაუჯერე მას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ირანმა ისრაელის თავდასხმის მხარდაჭერაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რასაც აშშ მკაცრად უარყოფს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ წინასწარ იცოდა თავდასხმების შესახებ, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი „მძიმე საფასურს“ გადაიხდიან დარტყმების გამო.

გაერო მოუწოდებს ორივე მხარეს, რომ გამოიჩინონ „მაქსიმალური თავშეკავება“.

GUARDIANGE

ბოლო სიახლეები