spot_img
Saturday, April 12, 2025
6.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოპუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა...

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფრენეციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი ეთანხმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ეს მიმართული უნდა იყოს „ხანგრძლივ მშვიდობასა და ამ კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაზე“. ამავე დროს, პუტინი შეკითხვას სვამს: „ვინ გასცემს ბრძანებას საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე და რა ფასი ექნება ამ ბრძანებებს?“

რუსეთის პრეზიდენტი დასძენს, რომ ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას აშშ-სთვის დაჟინებით უნდა ეთხოვა შეხვედრა, როგორც ეს საუდის არაბეთში მოხდა, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.

„რაც შეეხება უკრაინის მზადყოფნას, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. ამერიკულ-უკრაინული შეხვედრა საუდის არაბეთში შესაძლოა, გარეგნულად  გამოიყურება როგორც უკრაინული მხარის მიერ ამერიკული ზეწოლით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა სინამდვილეში, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინულ მხარეს ეს დაჟინებით უნდა ეთხოვა ამერიკელებისთვის იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია ადგილზე“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არსებობს „ნიუანსები“. მისი თქმით, კურსკის რეგიონში უკრაინულმა ძალებმა „დაკარგეს“ კონტროლი და „მათი აღჭურვილობა მიტოვებულია“, ხოლო მდგომარეობა „სრულად არის რუსეთის კოტროლის ქვეშ“.

მან თქვა, რომ იგი წინა დღით იმყოფებოდა კურსკის რეგიონში და იცის, რომ უკრაინელი მებრძოლები ალყაში არიან მოქცეული და მათი ერთადერთი გამოსავალი ან ტყვედ ჩავარდნა ან სრული განადგურებაა.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ „კარგი იქნებოდა“ უკრაინისთვის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და „ჩვენც ამის მომხრე ვართ“, მაგრამ არსებობს „ნიუანსები“. „თუკი საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ… რა მოჰყვება ამას?“ – იკითხა პუტინმა და დაამატა: რა მოხდება ამის შემდეგ რუსეთის კურსკის რეგიონში?

რუსეთის პრეზიდენტს ასევე აინტერესებს ​​ვინ გადაწყვეტს, თუ სად მოხდა „ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების დარღვევა“ 2000 კმ-ის გასწვრივ – სავარაუდოდ, რუსეთისა და უკრაინის გამყოფი საზღვრის გაყოლებაზე.

„ყველა ეს საკითხი ორივე მხარემ გულმოდგინედ უნდა შეისწავლოს“, – თქვა მან და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეა „კარგია და ჩვენ აბსოლუტურად მხარს ვუჭერთ მას, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ“.

„რაში მდგომარეობს ეს ნიუანსები? პირველი – რა უნდა გავაკეთოთ კურსკის ოლქში ამ შემოჭრის მონაკვეთთან დაკავშირებით? ჩვენ თუ ვწყვეტთ საბრძოლო მოქმედებებს 30 დღით, რას ნიშნავს ეს? ყველა, ვინც იქ იმყოფება, უნდა გავიდეს ბრძოლის გარეშე? ჩვენ ისინი უნდა გავუშვათ იქიდან იმის შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა მისცემს მათ ბრძანებას, დაყარონ იარაღი და უბრალოდ ჩაბარდნენ ტყვედ? როგორ იქნება ეს? გაუგებარია. როგორ გადაწყდება სხვა საკითხები შეხების მთელი ხაზის გასწვრივ, ეს კი თითქმის ორი ათასი კილომეტრია. იქ, როგორც იცით, რუსეთის ჯარები შეტევას ახორციელებენ პრაქტიკულად ყველა მონაკვეთზე და იქაც იქმნება პირობები, რომ ჩვენ საკმაოდ მსხვილი დანაყოფების ბლოკირება მოვახდინოთ.

ანუ, როგორ მოხდება ამ 30 დღის გამოყენება? იმისთვის, რომ უკრაინაში გაგრძელდეს იძულებითი მობილიზაცია? იმისთვის, რომ მიაწოდონ იარაღი? იმისთვის, რომ მობილიზებულმა დანაყოფებმა მომზადება გაიარონ? თუ ეს ყველაფერი არ მოხდება, მაშინ ჩნდება კითხვა: როგორ გადაწყდება კონტროლის, ვერიფიკაციის საკითხები? როგორ მივიღებთ გარანტიას, რომ მსგავსი არაფერი მოხდება? კონტროლი როგორ იქნება ორგანიზებული? ვიმედოვნებ, საღი აზრის დონეზე ყველასთვის გასაგებია, რომ ეს სერიოზული საკითხებია. ვინ გასცემს განკარგულებებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ და როგორია ამ ბრძანებების ფასი? წარმოგიდგენიათ, თითქმის ორი ათასი კილომეტრია. ვინ განსაზღვრავს, ვინ და სად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესაძლო შეთანხმება? და შემდეგ, ვინ ვის გადააბრალებს ამ შეთანხმების დარღვევას? ამ საკითხებს სჭირდება ორივე მხრიდან დეტალური შესწავლა. ამიტომ, თავისთავად იდეა სწორია და ჩვენ მას უპირობოდ მხარს ვუჭერთ, თუმცა არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ჩვენ ამაზე მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთანაც, პარტნიორებთან, შესაძლოა, ტრამპს დავურეკოთ და მასთან განვიხილოთ, თუმცა თავისთავად ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების იდეა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილია“,- განაცხადა პუტინმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმ ძალისხმევისთვის, რასაც იგი მშვიდობის დამყარებისთვის ეწევა.

პუტინმა ასევე მადლიერება გამოხატა ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებისადმი, რომლებიც მისი თქმით, აქტიურად არიან ჩართული კონფლიქტის დარეგულირებაში.

მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ

ბოლო სიახლეები