ოთხშაბათს, 29 იანვარს, თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა გააუქმა მემორანდუმი, რომელიც ფედერალურ გრანტებს და სესხებს 90 დღით აჩერებდა.
„მემორანდუმი M-25-13 გაუქმებულია. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებების განხორციელების შესახებ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი სააგენტოს გენერალურ მრჩეველს“, – ნათქვამია CNN–ის მიერ მოპოვებულ ახალ მემორანდუმში.
როგორც CNN წერს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი მედიას ადანაშაულებდა ამ აღამსრულებელი ბრძანებების მიმართ გამოწვეულ დაბნეულობასა და გაურკვევლობაში, წყარო აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უამრავი ზარი მიიღო კანონმდებლებისა და სხვადასხვა შტატის მაღალჩინოსნებისგან კითხვით, ეხებოდა თუ არა ეს გადაწყვეტილება მათაც.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა X-ზე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა მემორანდუმი გაუქმდა, პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებები, რომლებიც უცხოურ დახმარებას ყინავს და მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის ინიციატივებს წყვეტს, კვლავ ძალაში რჩება. ეს ბრძანებები უფრო მიზანმიმართულია, ვიდრე ტრილიონობით დოლარიანი დახმარება, რომელიც 27 იანვარს შეჩერდა.
ტრამპის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ტრილიონობით დოლარის ფედერალური გრანტები და სესხები, „დემოკრატების“ წინააღმდეგობას წააწყდა – ისე, როგორც მისი მეორე ვადით პრეზიდენტობის პირველი კვირის განმავლობაში გადადგმული სხვა ნაბიჯები.
სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ოთხშაბათს ამაყად განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც „ამერიკის მასშტაბით გამოხატულმა პროტესტმა“ პოლიტიკური ზეწოლა მოახდინა თეთრ სახლზე.
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბათს, 28 იანვარს, დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ფედერალური დაფინანსების შეჩერება იმ ფონზე, როცა მისი ადმინისტრაცია პროგრამების საყოველთაო იდეოლოგიურ მიმოხილვას ახორციელებდა იმ მიზნით, რომ განესაზღვრა, თუ რომელი პროგრამები შეიძლება დაქვემდებარებოდა გაგრძელებას.
აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, ლორენ ელ ალიხანმა დაბლოკა დაფინანსების გაყინვა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ის ამოქმედდებოდა. სასამართლოში სარჩელი იმ არაკომერციულმა ჯგუფებმა შეიტანეს, რომლებიც ფედერალურ ფულს იღებენ.
„დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტ ტრამპს არ ჰქონდა უფლება ცალმხრივად შეეწყვიტა კონგრესის მიერ გამოყოფილი ფულის ხარჯვა. ალიხანის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში, 22 შტატისა და კოლუმბიის ოლქის „დემოკრატმა“ გენერალურმა პროკურორებმა მათ მიერ მომზადებული სარჩელი შეიტანეს სასამართლოებში, რათა სამუდამოდ დაბლოკონ ადმინისტრაციის მიერ ფედერალური დაფინანსების შეწყვეტა.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკა არის დაუფიქრებელი, საშიში, უკანონო და არაკონსტიტუციური“, – თქვა ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა.
მოსამართლე ალიხანმა, რომელიც პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენის მიერ არის დანიშნული, გადაწყვეტილების გამოტანისას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუ რამდენად იყო დაზუსტებული დაფინანსების გაყინვის დეტალები.
„როგორც ჩანს, ფედერალურმა მთავრობამ ამჟამად არ იცის იმ პროგრამების სრული მასშტაბი, რომელიც დაპაუზებას ექვემდებარება“, – თქვა მოსამართლემ.
GUARDIANGE