spot_img
Friday, January 3, 2025
2.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიო100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

100 წლის ასაკში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი გარდაიცვალა

GUARDIANGE – ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა პატივი მიაგეს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და ნობელის პრემიის ლაურეატს, ჯიმი კარტერს, რომელიც 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კარტერი, რომელმაც აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტებს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა, 29 დეკემბერს, თავის სახლში, პლეინსში, ჯორჯიაში, გარდაიცვალა.

ბაიდენმა მას „პრინციპების, რწმენისა და თავმდაბლობის“ განსახიერება უწოდა, ხოლო ტრამპმა თქვა, რომ ყველა ამერიკელს კარტერის მიმართ „მადლიერების ვალი“ აქვს.

კარტერი არაქისის ფერმერობიდან, 1977 წელს, პრეზიდენტი გახდა, და იძულებული შეიქნა დაეტოვებინა თეთრი სახლი მხოლოდ ერთი ოთხწლიანი ვადის შემდეგ, რადგან „რესპუბლიკელმა“ რონალდ რეიგანმა არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც კარტერმა თეთრი სახლი დაბალი რეიტინგით დატოვა, მისი რეპუტაცია ჰუმანიტარული საქმიანობით აღდგა, რამაც მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოუტანა.

„დღეს ამერიკამ და მსოფლიომ დაკარგა არაჩვეულებრივი ლიდერი, სახელმწიფო მოღვაწე და ჰუმანისტი.

„ყველა ახალგაზრდამ ამ ქვეყანაში და ყველამ, ვინც ეძებს იმას, თუ რას ნიშნავს მიზანმიმართული და აზრიანი ცხოვრება – კარგი ცხოვრება – შეისწავლეთ ჯიმი კარტერი – პრინციპების, რწმენისა და თავმდაბლობის განსახიერება. მან აჩვენა, რომ ჩვენ ვართ დიდი ერი, რადგან ჩვენ ვართ კარგი ხალხი – წესიერი და ღირსეული, მამაცი და თანამგრძნობი, თავმდაბალი და ძლიერი“, – ნათქვამია პრეზიდენტ ბაიდენისა და პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის განცხადებაში.

ბაიდენმა განაცხადა, რომ 9 იანვარს ეროვნული გლოვის დღე იქნება. ამერიკელებს მოუწოდებენ, რომ ეწვიონ სალოცავ ადგილებს და მიცვალებულ პრეზიდენტს პატივი მიაგონ.

ბაიდენმა ასევე ბრძანა, რომ 30 დღის განმავლობაში ყველა საჯარო და სამხედრო შენობაში დროშები ნახევარზე იყოს დაშვებული – პერიოდი, რომელიც მოიცავს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას.

ტრამპმა განცხადება Truth Social-ზე გამოაქვეყნა: „გამოწვევები, რომლებიც ჯიმის, როგორც პრეზიდენტს შეხვდა, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტს დაემთხვა, და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გაეუმჯობესებინა ყველა ამერიკელის ცხოვრება. სწორედ ამის გამო, ჩვენ ყველანი მადლიერების ვალში ვართ მის წინაშე“.

ტრამპმა ადრე, 2019 წელს, თავისი მეორე ვადით ასარჩევად საპრეზიდენტო კამპანიისას, კარტერის ერთი ვადით პრეზიდენტობის პერიოდის შეფასებისას დამცინავად თქვა: „ის კარგი ადამიანია, მაგრამ საშინელი პრეზიდენტი იყო“. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კარტერმა ტრამპს „არალეგიტიმური პრეზიდენტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შედეგად მოხვდა თეთრ სახლში, რასაც მოსკოვი და ტრამპი უარყოფენ.

ბოლო სიახლეები