სახელმწიფო დეპარტამენტი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის ქართველი სამართალდამცველების, უსაფრთხოების სისტემის წარმომადგენლებისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესდათ მაგნიტსკის სანქციების გლობალური პროგრამის ფარგლებში, რადგან „შინაგან საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკ და ძალადობრივ დარბევაზე, მათ შორის 2024 წლის განმავლობაში გამართული დემონსტრაციების დროს“.
განცხადების თანახმად, სანქციები გათვალისწინებული იქნება იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში და მუნიციპალური ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც „ბოროტად გამოიყენეს უფლებამოსილება ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, მათ შორის არის ხმის მიცემის უფლება იძულების ან დაშინების გარეშე“.
„დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო მოქმედებებს, აფართოებს აშშ-ის სანქციებს, რომლებიც სექტემბერში დაწესდა საქართველოს ოფიციალურ პირებზე და ავსებს გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ქმედებებს. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით და კვლავ მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობის დაყენებას მათ მიმართ, ვინც თანამონაწილეა ადამიანის უფლებების დარღვევაში და ძირს უთხრის მათ დემოკრატიულ მომავალს“, – აღნიშნულია მეთიუ მილერის განცხადებაში.