spot_img
Monday, December 23, 2024
9.8 C
Tbilisi
მთავარიUncategorizedმეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აშშ დამატებით სანქციებს...

მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აშშ დამატებით სანქციებს დაუწესებს საქართველოს მთავრობას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე შეერთებული შტატები დამატებით სანქციებს დაუწესებს საქართველოს მთავრობას.

„ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ სანქციები არის ერთადერთი ხელსაწყო, ჩვენი ხელსაწყოების ყუთში. სანქციები ერთ-ერთი საშუალებაა… როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, თუ დააკვირდებით ჩვენ მიერ გადადგმულ ქმედებებს, ჩვენ საკმაოდ მკაფიოები ვიყავით საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის თვალსაზრისით, რომელსაც ვხედავდით ქვეყანაში. ამის საპასუხოდ მკაფიოები ვიყავით. გამოცხადდა ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვა საქართველო-აშშ-ის შორის, ამის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევზღუდეთ საქართველოს მთავრობის დაფინანსება 95 მილიონი დოლარით, რადგან სერიოზული შეშფოთება გვაქვს მათ ქმედებებთან დაკავშირებით…

ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები 100-ზე მეტ პირზე, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ან თანამონაწილეები იყვნენ ქართული დემოკრატიის ჩახშობაში და შევაჩერეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მექანიზმი. ასე რომ, საპასუხოდ ერთგვარ კითხვაზე, თუ რას დასჭირდა ამდენი დრო, არ არის ისე, რომ ჩვენ არაფერს ვაკეთებდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ვდგამდით ნაბიჯებს, რათა ნათლად გამოგვეხატა ჩვენი შეშფოთება და მართლაც – ეს მნიშვნელოვანია – მივცეთ საქართველოს მთავრობას კურსის შებრუნების შანსი, არა? ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყო ალტერნატიული გზა, გზა, რომლისკენაც მათი ხალხი მოუწოდებს. და დროდადრო, როცა არჩევანის წინაშე დგებოდნენ, ამ გზას არ ირჩევდნენ.

ასე რომ, თქვენ ნახეთ, როგორ გავამკაცრეთ ჩვენი პასუხი და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პასუხის გამკაცრებას, მათ შორის დამატებითი სანქციებით. მე წინასწარ არ ვიტყვი რა ხასიათის სანქციები იქნება. მაგრამ ჩვენი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, დიახ, ჩვენ დავუწესებთ დამატებით სანქციებს საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ბოლო სიახლეები