spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასაფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაკრონის ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მაკრონის ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თავისი ინიციატივით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრისას დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დაკავებულის გათავისუფლების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს ის მიმართულებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული. მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, ქართველი ხალხის მისწრაფებებს კიდევ ერთხელ მიესალმა“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უფრო ადრე, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის.

„ქართული ოცნების“ ცნობით, მაკრონმა საქართველოში შექმნილი ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი.

საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.

ბოლო სიახლეები