spot_img
Monday, December 23, 2024
9.8 C
Tbilisi
მთავარიინვესტიციები2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55.2 პროცენტით...

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55.2 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მესამე კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მესამე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.

უწყების ანგარიშით, 2024 წლის მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 131.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66.4 პროცენტია. რეინვესტიცია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.6 პროცენტით შემცირდა და 358.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის მესამე კვარტალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 60.2 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება მალტა – 58.3 მლნ. აშშ დოლარით (29.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო – 55.0 მლნ. აშშ დოლარით (27.8 პროცენტი). სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.7 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 63.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.2 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი – 43.0 მლნ. აშშ დოლარით (21.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი 32.1 მლნ. აშშ დოლარით (16.2 პროცენტი).

ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 70.2 პროცენტი შეადგინა.

ბოლო სიახლეები