აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი ვაჟის, ჰანტერის შეწყალებას. იმ დღიდან, რაც თანამდებობა დავიკავე, განვაცხადე, რომ არ ჩავერეოდი იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ჩემი სიტყვა შევასრულე, მიუხედავად იმისა, რომ ვუყურებდი, როგორ ხდებოდა ჩემი შვილის შერჩევითი და უსამართლო დევნა“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
ბაიდენი ამბობს, რომ მისი შვილის საქმეებში ბრალდებები გაჩნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონგრესში რამდენიმე პოლიტიკურმა ოპონენტმა წამოიწყო ისინი მასზე თავდასხმის მიზნით. თუმცა, ბაიდენი აღნიშნავს, რომ მას სჯერა მართლმსაჯულების სისტემის, მაგრამ ასევე სჯერა, რომ უხეშმა პოლიტიკამ დააინფიცირა ეს პროცესი და გამოიწვია მართლმსაჯულების არასწორად აღსრულება.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს, რომ ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება როგორც მამამ და პრეზიდენტმა.
ჰანტერ ბაიდენის ადვოკატებმა სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლეებს უკვე ოფიციალურად შეატყობინეს შეწყალების შესახებ.
„სიენენის“ ცნობით, შეწყალება ნიშნავს, რომ ჰანტერ ბაიდენს არ მიესჯება სასჯელი 2014 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ დეკემბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის და მისი დაპატიმრება გამორიცხულია. ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, შვილის შეწყალებით, ჯო ბაიდენმა დაარღვია არაერთი საჯარო დაპირება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს და მას შემდეგაც გააკეთა. აშშ-ის პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ მის შვილს არ შეიწყალებდა.
ჯო ბაიდენის მიერ თავისი შვილის შეწყალებას აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.
„ჯოს მიერ ჰანტერის შეწყალება მოიცავს თუ არა 6 იანვრის მძევლებს, რომლებიც წლებია, დაპატიმრებულნი არიან? ეს არის მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება და არასწორად აღსრულება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. მომხდარის შედეგად ათობით ადამიანს წაუყენეს ბრალი.