spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს

შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება, არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტად 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, ინაუგურაცია კი 16 დეკემბერს გაიმართა.

ბოლო სიახლეები