spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიორუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე, პრორუსი კანდიდატი მოულოდნელად ლიდერობს.

ცენტრალური საარჩევნო ბიუროს მონაცემებით, დათვლილი ხმების 100%-ის მიხედვით, ულტრანაციონალისტ კალინ ჯორჯესკუს 22.94% აქვს მიღებული, მეორე ადგილზე გავიდა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19.18 პროცენტი მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სოციალ-დემოკრატმა მარსელ ჩიოლაკუმ კი ხმების 19.15 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა. ასეთი შედეგის გამო, ჩიოლაკუმ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თანამდებობა დატოვა.

არჩევნებში ამომრჩეველთა 51%-მა მიიღო მონაწილეობა, თითმქის იმდენივემ, რამდენმაც 5 წლის წინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

კვირას გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, ჩიოლაკუ ლიდერობდა და მემარჯვენე ცენტრის კანდიდატი ელენა ლასკონი მეორე ადგილს იკავებდა. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, ლასკონი მეორე ადგილზეა 19%-ით, ხოლო კიდევ ერთი ნაციონალისტი, ჯორჯ სიმიონი, მეოთხეზე.

როგორც BBC წერს, ჯორჯესკუს ასეთი შედეგი, რომელსაც საკუთარი პარტია არ აქვს და კამპანია ძირითადად სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ზე აწარმოა, არჩევნების ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

62 წლის ჯორჯესკუმ, რომელიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, რუმინეთის სუვერენიტეტის განმტკიცების პირობა დადო და ასევე დაიფიცა, რომ დაასრულებს იმას, რასაც ის ევროკავშირისა და ნატოსადმი მორჩილებას უწოდებს, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. მან დაგმო ნატოს ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ფარი რუმინეთში, დევესელუში.

რუმინეთის პრეზიდენტს დიდწილად სიმბოლური როლი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.

GUARDIANGE

ბოლო სიახლეები