spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს და თეთრ სახლში ისტორიული დაბრუნებისთვის ემზადება. ბოლო მონაცემებით, მას საარჩევნო კოლეგიაში 279 ხმა აქვს მიღებული, თავის მეტოქეს, კამალა ჰარისს კი 223. გამარჯვებისთვის 270 ხმა არის საჭირო. დარჩენილია 4 შტატის შედეგების გამოქვეყნება, რასაც უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან ტრამპს გამარჯვებისთვის საჭიროზე 9-ით მეტი ხმა უკვე აქვს მოპოვებული.

BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის, (თბილისის დროით, 14:50 სთ), ტრამპს ხმების 51.0% აქვს (70 846 036) მიღებული და საარჩევნო კოლეგიაში შტატებისთვის განკუთვნილი ხმების რაოდენობის შეჯამების შედეგად, მას 279 ხმა აქვს მოპოვებული, კამალა ჰარისს კი მხარს 47.2% (65 790 908) უჭერს და საარჩევნო კოლეგიაში 223 ხმა აქვს.

შვიდი მერყევი შტატიდან ტრამპმა მოიგო ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია, პენსილვანია და ვისკონსინი და წინ არის მიჩიგანში, ნევადასა და არიზონაში.

ფლორიდაში თავისი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა თავი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად გამოაცხადა და მის გამარჯვებას „დიდებული გამარჯვება“ უწოდა.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს: „მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩია თავის 47-ე პრეზიდენტად, 45-ე პრეზიდენტი“.

მან თქვა, რომ გაიმარჯვა ხმების პირდაპირი წესით კენჭისყრაში. ხმები ჯერ კიდევ ითვლება, მაგრამ როგორც ჩანს, მას ამ არჩევნებში ხმების აბსოლუტური უმრავლესობის აქვს მოპოვებული. „ამერიკამ უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი მოგვცა“, – თქვა ტრამპმა.

მან თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი შეაქო, თავის მხრივ კი, ჯე დი ვენსმა თქვა, რომ ტრამპმა „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური დაბრუნება“ შეძლო.

ტრამპმა ასევე შეაქო მილიარდერი ილონ მასკი და მას „ვარსკვლავი“  და „საოცარი ბიჭი“ უწოდა.

როგორც ჩანს, ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსს – ყოფილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელსაც ვაქცინების შესახებ დაუსაბუთებელი შეთქმულების თეორიების მხარდაჭერის ისტორია აქვს – მის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სფეროში მაღალ თანამდებობას შესთავაზებს. კენედი აგვისტოში ტრამპის მხარდაჭერის სანაცვლოდ გამოეთიშა საპრეზიდენტო მარათონს.

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა „ბრწყინვალე გამარჯვების“ შესახებ გამოაცხადა, მსოფლიოს სახელმწიფოთა ლიდერები მას ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიმ სტარმერი აღნიშნავს, რომ ეს „ისტორიული საარჩევნო გამარჯვება“ იყო და „მოუთმენლად ელოდება“ ტრამპთან მომავალი წლების განმავლობაში მუშაობას.

„როგორც უახლოესი მოკავშირეები, ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჩვენი საერთო ღირებულებების – თავისუფლების, დემოკრატიისა და ბიზნესის დასაცავად.

„მჯერა, რომ განვითარებიდან და უსაფრთხოებიდან დაწყებული, ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დამთავრებული, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის განსაკუთრებული ურთიერთობები ატლანტიკის ორივე მხარეს კიდევ წლების განმავლობაში გაგრძელდება წარმატებით“, – აცხადებს სტარმერი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ გილოცავთ ისტორიის ყველაზე დიდ დაბრუნებას. თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში სთავაზობს ახალ საწყისს ამერიკას და ძლიერ ვალდებულებას ისრაელსა და ამერიკას შორის დიდი ალიანსისათვის. ეს უზარმაზარი გამარჯვებაა“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმაც მსგავსი რამ განაცხადა: „ამერიკის პოლიტიკურ ისტორიაში ყველაზე დიდი დაბრუნება! ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უზარმაზარ გამარჯვებას. მსოფლიოსთვის აუცილებელი გამარჯვება!“

როგორია აშშ-ის საარჩევნო სისტემა?

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებაში გადამწყვეტი არის საარჩევნო კოლეგია, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. მაგალითად, კალიფორნიის შტატს საარჩევნო კოლეგიაში 54 ხმა აქვს, ტეხასს 40, ალასკას კი მხოლოდ 3.

თითოეულ შტატში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმის მიღებას. მაგალითად, თუ ტეხასში ამომრჩეველთა უმრავლესობა პირდაპირი კენჭისყრისას მხარს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დაუჭერს, მაშინ საარჩევნო კოლეგიის 40 ხმას სწორედ ის მიიღებს.

გამონაკლისია მეინისა და ნებრასკას შტატები, რომლებიც პროპორციულ წარმომადგენლობას იყენებენ.

სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 270 ხმა.

ამგვარი საარჩევნო სისტემის გამო, შესაძლებელია კანდიდატმა პირდაპირი კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობით მნიშვნელოვნად გაუსწროს თავის კონკურენტს, მაგრამ საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმებით ჩამორჩეს მას და შესაბამისად, არჩევნებიც წააგოს. ასე მოხდა მაგალითად, 2016 წელს, როცა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა პირდაპირი კენჭისყრით მიღებული ხმების დიდი რაოდენობით გაუსწრო დონალდ ტრამპს, მაგრამ ამ უკანასკნელმა საარჩევნო კოლეგიაში დააგროვა 270 ხმაზე მეტი და სწორედ ის გახდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.

შეერთებული შტატების ისტორიაში დღემდე მხოლოდ გროვერ კლივლანდი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პირველი ვადის დასრულებისა და არჩევნებში დამარცხების შემდეგ თეთრი სახლი დატოვა და 4 წლის მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა ოფისს. იგი პირველად 1885 წელს გახდა პრეზიდენტი, მეორედ კი 8 წლის შემდეგ, 1893 წელს.

ბოლო სიახლეები