spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოაშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი 25 შტატში იგებს, ჰარისი კი 13 შტატსა და...

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი 25 შტატში იგებს, ჰარისი კი 13 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში იმარჯვებს

„რესპუბლიკელი“ დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 25 შტატში იმარჯვებს, ხოლო „დემოკრატი“ კამალა ჰარისი 13 შტატსა და ვაშინგტონ DC-ში, – იტყობინება BBC. მაგრამ არჩევნების ბედი გაურკვეველია, რადგან კრიტიკულ საბრძოლო შტატებში  შედეგები სავარაუდოდ, საათების ან თუნდაც დღეების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს.

ამ დროისთვის (თბილისის დროით, 09:39 სთ), 12 შტატის შედეგებია გამოსაქვეყნებელი, რაც გარდამტეხ როლს ითამაშებს არჩევნების არსებულ შედეგებზე.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, შვიდ მერყევ შტატში: არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი – ტრამპს და ჰარისს თითქმის თანაბარი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ არჩევნების დღისთვის.

BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის, (თბილისის დროით, 09:39 სთ), ტრამპს ხმების 51.2% აქვს (63 089 438) მიღებული და საარჩევნო კოლეგიაში შტატებისთვის განკუთვნილი ხმების რაოდენობის შეჯამების შედეგად, მას საარჩევნო კოლეგიაში 246 ხმა აქვს მოპოვებული, კამალა ჰარისს კი მხარს 47.2% (58 266 227) უჭერს და საარჩევნო კოლეგიაში მას 182 ხმა აქვს. კანდიდატის გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.

დაბლა: წითელი ფერით ის შტატებია მონიშნული, სადაც დონალდ ტრამპი იმარჯვებს, ლურჯით კი კამალა ჰარისი, ნაცრისფრად ის შტატები ჩანს, სადაც შედეგები ჯერ უცნობია.

 

როგორია აშშ-ის საარჩევნო სისტემა?

აშშ-ის საარჩევნო სისტემაში პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებაში გადამწყვეტი არის საარჩევნო კოლეგია, რომელშიც თითოეული შტატის წარმომადგენლობა დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. მაგალითად, კალიფორნიის შტატს საარჩევნო კოლეგიაში 54 ხმა აქვს, ტეხასს 40, ალასკას კი მხოლოდ 3.

თითოეულ შტატში პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვება ნიშნავს საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმის მიღებას. მაგალითად, თუ ტეხასში ამომრჩეველთა უმრავლესობა პირდაპირი კენჭისყრისას მხარს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს დაუჭერს, მაშინ საარჩევნო კოლეგიის 40 ხმას სწორედ ის მიიღებს.

გამონაკლისია მეინისა და ნებრასკას შტატები, რომლებიც პროპორციულ წარმომადგენლობას იყენებენ.

სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 დელეგატია, ხოლო არჩევნებში გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა უნდა მოიპოვოს 270 ხმა.

ამგვარი საარჩევნო სისტემის გამო, შესაძლებელია კანდიდატმა პირდაპირი კენჭისყრით მიღებული ხმების რაოდენობით მნიშვნელოვნად გაუსწროს თავის კონკურენტს, მაგრამ საარჩევნო კოლეგიაში მიღებული ხმებით ჩამორჩეს მას და შესაბამისად, არჩევნებიც წააგოს. ასე მოხდა მაგალითად, 2016 წელს, როცა დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა პირდაპირი კენჭისყრით მიღებული ხმების დიდი რაოდენობით გაუსწრო დონალდ ტრამპს, მაგრამ ამ უკანასკნელმა საარჩევნო კოლეგიაში დააგროვა 270 ხმაზე მეტი და სწორედ ის გახდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.

GUARDIANGE

ბოლო სიახლეები