spot_img
Tuesday, December 24, 2024
12.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით...

შალვა პაპუაშვილი: ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ 10 დღის ვადაში პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აღარ არსებობს კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, რაზეც ოპოზიცია საუბრობს.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგცენილი ათი დღის ვადაში ახალი პარლამენტი შეიკრიბება პირველ სხდომაზე.

„ჩვენ მანამდე ვიხილეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ასახავდა წინასაარჩევნო პერიოდს და ვნახეთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი აღწერილი იყო, როგორც მშვიდი პერიოდი, როდესაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, კამპანია თანაბარ გარემოში ეწარმოებინა. დღეს საუბარი იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით, საარჩევნო დღესთან დაკავშირებით და ეუთო-ოდირის მხრიდან ვნახეთ შეფასების მთავარი დასკვნა, რომელიც შეეხება თავად არჩევნებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აღარ არის კითხვის ნიშნები, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების ლეგიტიმაცია.

დღეს თითქმის ბოლომდე დასრულდა შედეგების დათვლა, მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ამ არჩევნებში იყო ჩართული, ვგულისხმობ, საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად რეფერენდუმზე საუბრობდა და ეს რეფერენდუმი შედგა, ქართველმა ხალხმა თავისი ვერდიქტი გამოიტანა ამ რეფერენდუმზე იმით, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდ განვითარებას, ისე რომ, მისი კეთილდღეობა იქნას უზრუნველყოფილი, საქართველოს განვითარებას ევროპის მიმართულებით ისე, რომ ევროკავშირში შევიდეთ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ არჩევნებში. „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, 2012 წლის შედეგები გაიმეორა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს პრინციპული არჩევნები იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათ მიიღეს პრინციპული გადაწყვეტილება. ახლა მიდის პროცედურები თავად საარჩევნო კომისიაში, დასრულდება დათვლა, სხვა პროცესები საჩივრებთან დაკავშირებით, ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ 10 დღის ვადაში პარლამენტი შეიკრიბება თავის პირველ სხდომაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები