„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საარჩევნო უბანზე ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს მარტივია არჩევანი უცხო ქვეყნის აგენტურასა და იმ მთავრობას შორის, რომელიც ქართველ ხალხს მოემსახურება. მისივე თქმით, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთავოთ კრიმინილისაგან და ხარისხობრივად ახალი საზოგადოება მივიღოთ.
„მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი გასაკეთებელი. ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს სამშობლოს, იზრუნებს ქვეყანაზე, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს. თანაც, წლევანდელი, დღევანდელი არჩევნები გამორჩეულია იმით, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, რომელიც შეუძლია, მყისიერად დაავალოს აგენტურას, თუ ჩვენ მოვახერხებთ და მათ ავირჩევთ. მოგეხსენებათ, სამეზობლოში ომია. იმ ქვეყანას, რომელიც მართავს აგენტურას, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკაშია, სასწრაფო დავალება აქვს, რომ როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო, ეს მოხდება მყისიერად და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას და ქვეყნის ნანგრევებს.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთავოთ კრიმინილისაგან. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება, სადაც არ იქნება ასეთი ანტაგონიზმი, არ იქნება ასეთი სიძულვილის ენა, არ იქნება ასეთი პოლარიზაცია. პოლარიზაციის საფუძველი გახლავთ სწორედ ის, რომ ერთი ნაწილი პოლიტიკოსებისა ზრუნავს და ცდილობს, ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს და გამარჯვებისკენ წაიყვანოს, მეორე ნაწილი, რომელიც ემსახურება უცხოურ აგენტურას, უცხო ქვეყანას, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები, ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ იმ ომში, რომელიც ჩვენ სამეზობლოში, სამწუხაროდ, მიმდინარეობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.