spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოკრემლი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთდაცვის შეთანხმება „ერთმნიშვნელოვანია“

კრემლი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთდაცვის შეთანხმება „ერთმნიშვნელოვანია“

რუსეთმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება, რომელსაც მან ხელი მოაწერა ჩრდილოეთ კორეასთან ამ წლის დასაწყისში, ითვალისწინებს „სტრატეგიულ თანამშრომლობას“ ყველა სფეროში, მაგრამ უარი თქვა იმის კომენტირებაზე, თუ როგორ შეიძლება შეთანხმებაში ჩაწერილი ორმხრივი თავდაცვის მუხლის პრაქტიკაში განხორციელება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეთანხმებას ივნისში ფხენიანში სტუმრობისას მოაწერა ხელი და თქვა,  რომ იგი მოიცავდა ურთიერთდახმარების პუნქტს, რომლის მიხედვითაც თითოეული მხარე შეთანხმდა, დაეხმაროს მეორეს საგარეო აგრესიის მოგერიებაში.

შეკითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს, რომ რუსეთს შეეძლო ფხენიანისთვის კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტში დახმარება, ანდა ჩრდილოეთ კორეამ შეიძლება მხარი დაუჭიროს რუსეთს დასავლეთთან კონფლიქტში, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ხელშეკრულების ფორმულირება „საკმაოდ ცალსახაა“ და არ საჭიროებს განმარტებას.

პაქტი „გულისხმობს ჭეშმარიტად სტრატეგიულ ღრმა თანამშრომლობას ყველა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა მას შემდეგ იზრდება, რაც ჩრდილოეთ კორეამ კორეათაშორისი გზებისა და სარკინიგზო ხაზების ის მონაკვეთები ააფეთქა, რომელიც მტკიცედ გამაგრებული საზღვრის მის მხარეს მდებარეობს, რის გამოც სამხრეთ კორეის სამხედროებმა გამაფრთხილებელი სროლები  განახორციელეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის შეიარაღებულ ძალებისთვის პერსონალის გადაცემაში დაადანაშაულა და თქვა, რომ თავისმა სადაზვერვო სამსახურებმა მას  უკრაინის ომში „ჩრდილოეთ კორეის რეალური ჩართულობის შესახებ“ აცნობეს.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო მასალა მიაწოდა. მოსკოვმა და ფხენიანმა უარყვეს იარაღის გადაცემა, მაგრამ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ სამხედრო კავშირებს, რაც შესაძლოა ერთობლივ წვრთნებსაც მოიცავდეს. პესკოვმა გასულ კვირას თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინაში სავარაუდო ჩართულობა ყალბი ამბავი იყო.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთსა და ირანს შორის მომავალი პარტნიორობის ხელშეკრულება მოიცავდეს ორმხრივ თავდაცვის ელემენტს, პესკოვმა ასე უპასუხა: „არა. როცა ის მზად იქნება, მაშინ ჩვენ შევძლებთ მის შინაარსზე ვისაუბროთ“.

GUARDIANGE

ბოლო სიახლეები