spot_img
Monday, December 23, 2024
9.8 C
Tbilisi
მთავარიინვესტიციებიბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა გაიხსნა

ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტორანსპორტისთვის გაიხსნა.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა 14 კმ-იანი, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და ხუთ გვირაბს.

ახალი მაგისტრალური გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში, სადაც ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების ყველა ღონისძიება და უმაღლესი სტანდარტისთვის, უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

შემოვლითი გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან სრულად განტვირთავს ქალაქს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში. შემოვლით გზაზე მოწყობილია ოთხი სატრანსპორტო კვანძი, რომლითაც ტრანსპორტს საშუალება აქვს, დაუკავშირდეს როგორც მიმდებარე სოფლებს, ისე ბათუმში შესასვლელ მთავარ ქუჩებს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ავტოტრანსპორტი, მათ შორის, საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტი, საცხოვრებელ და ტურისტულ ზონაში მოძრაობდა, რაც ართულებდა მიმოსვლას და ქმნიდა საცობებს. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გააუმჯობესებს ქალაქში ცხოვრებისა და დასვენების პირობებს. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამტარობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდასაც.

ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის (E70-ის) შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება და რვა ქვეყნის გავლით, ფოთში მთავრდება. აღნიშნული საერთაშორისო დერეფანი მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა სავაჭრო ურთიერთობისთვის, ტურისტული მოგზაურობისთვის, კულტურული კავშირებისთვის.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 330 მილიონი ლარი შეადგინა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები