spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოლიბანში სულ მცირე 492 ადამიანია დაღუპული – ისრაელი არ გამორიცხავს ლიბანში სახმელეთო...

ლიბანში სულ მცირე 492 ადამიანია დაღუპული – ისრაელი არ გამორიცხავს ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას

ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 492-მდე გაიზარდა, დაჭრილია 1645 ადამიანი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 35 ბავშვი და 58 ქალია.

2006 წლის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ლიბანის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან, რასაც ამ რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა.

ახლო აღმოსავლეთში რეგიონული კონფლიქტის გაფართოების საშიშროებაზე საუბრობენ აშშ-ში. როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საბრძოლო მოქმედებების შემდგომ ესკალაციას პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება, სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ „ჩრდილოეთით ძალთა ბალანსის შესაცვლელად“ „ჰეზბოლას“ რაკეტების განადგურებით.

„მინდა, განვმარტო მათ გასაგონად, ვინც ჯერ ვერ მიხვდა – ჩვენ არ ველოდებით საფრთხეს, ჩვენ მას წინასწარ აღვკვეთთ, ნებისმიერ დროს და ადგილას. ვინც შეეცდება ზიანი მოგვაყენოს, უფრო მეტად დაზიანდება. პირობა დავდე, რომ შევცვლიდით უსაფრთხოების ბალანსს, ძალთა ბალანსს ჩრდილოეთით. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. ვანადგურებთ ასობით რაკეტას და იარაღს, რომლებიც ისრაელის და ისრაელელი მოქალაქეებისკენაა მომართული“, –  განაცხადა ნეთანიაჰუმ თელ ავივში, კირიას სამხედრო შტაბის სამეთაურო ოთახში.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელი არ გამორიცხავს ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას.

„არის თუ არა ჯარი მზად? დიახ, ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ დასაბრუნებლად მათ სახლში, ჩრდილოეთ საზღვარზე“, – უპასუხა ჰაგარმა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ისრაელი მზად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად და რამდენად სწრაფად იმოქმედებდნენ მსგავსი ბრძანების შემთხვევაში.

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი კი აცხადებს, რომ ისრაელის იერიშების მიზანი ლიბანის სოფლებისა და ქალაქების განადგურებაა.

მიკატიმ გააუქმა ვიზიტი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და მოუწოდა ქვეყნებს, მიიღონ ზომები აგრესიის შესაჩერებლად.

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელში ლიბანი ღაზად არ უნდა იქცეს, ლიბანზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა კი ადამიანური და ჰუმანიტარული კრიზისია, რომელიც რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს აჩენს.

„არსებობს საფრთხე, რომ იერიში ლიბანიდან მთელ რეგიონზე გავრცელდება“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ურჩევს თუ არა ირანი „ჰეზბოლას“, თავი შეიკავოს საპასუხო მოქმედებებისგან, ფეზეშქიანმა უპასუხა, რომ „ჰეზბოლას“ წინაშე დგას კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა და წვდომა აქვს იარაღის სისტემებზე, რომლებიც ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვას.

„ჰეზბოლა“ ამას მარტო ვერ შეძლებს. „ჰეზბოლა“ ვერ გაუმკლავდება მარტო ქვეყანას, რომელსაც იცავენ, მხარს უჭერენ და ამარაგებენ დასავლეთი, ევროპული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები“, – თქვა ირანის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები