spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოოლაფ შოლცი: დროა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება დაჩქარდეს

ოლაფ შოლცი: დროა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება დაჩქარდეს

დროა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება დაჩქარდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის დასრულების დაჩქარება.

„ვფიქრობ, ახლა დადგა დრო, როდესაც საჭიროა ვიმსჯელოთ, როგორ შევძლებთ ომიდან მშვიდობაზე გადასვლას უფრო სწრაფად, ვიდრე ამჟამად ჩანს“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც კანცლერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით წინსვლა. მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში რიგით მეორე სამშვიდობო კონფერენცია აუცილებლად გაიმართება. შოლცის განცხადებით, ამ საკითხზე აზრი გაუზიარა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტისას. მხარეები თანხმდებიან, რომ რუსეთმა მომდევნო კონფერენციაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. უკრაინის საკითხზე პირველი სამშვიდობო სამიტი 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართა. რუსეთი მასზე არ იყო მიწვეული.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მას შემდეგაც კი ენდობა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე მოწყობილ დივერსიაში უკრაინის მოქალაქე მონაწილეობდა.

„კარგი ურთიერთობა მაქვს ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მაგრამ ამავდროულად, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა გამოიძიონ“, – აღნიშნა შოლცმა, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

კანცლერი ასევე გამოეხმაურა 1-ელ სექტემბერს საქსონიასა და თიურინგიაში გამართულ სამხარეო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. შოლცის თქმით, არჩევნების ასეთი შედეგი განპირობებულია იმით, რომ „ზოგიერთი მოქალაქე უკრაინის მხარდაჭერას არ ეთანხმება“. როგორც შოლცმა აღნიშნა, ის მართებულად მიიჩნევს კიევის დახმარებას და კვლავაც გააგრძელებს ამ სტრატეგიას.

ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბუნდესტაგში კანცლერის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხი არ დადგება და გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ამჟამად საჭირო არ არის.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქსონიასა და თიურინგიაში მმართველი კოალიციის პარტიებმა მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმები დაკარგეს. კანცლერმა საქსონიისა და თიურინგიის არჩევნებზე მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებას „დამთრგუნველი“ უწოდა. ამავდროულად, ხაზი გაუსვა თავის გადაწყვეტილებას, „იბრძოლოს, რათა ბუნდესტაგის მომდევნო არჩევნებზე მოქალაქეების ძლიერი მხარდაჭერა მიიღოს“.

პარალელურად, იტალიური გაზეთი La Repubblica იუწყება, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკუთარ გეგმას ამზადებს. გერმანიის მთავრობასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, შოლცის გეგმა შესაძლოა, ახალი „მინსკის შეთანხმების“ მსგავსი იყოს და მოსკოვისთვის უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობასაც კი ითვალისწინებდეს.

იტალიური გამოცემის ცნობით, რეგიონულ და ევროპულ არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ, გერმანიის კანცლერს სურს „უკრაინული კარტის გათამაშება“ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დასრულების გზების ძიებისკენ მას ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიც“ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც გასულ კვირას შოლცს შეხვდა, ხოლო შემდეგ იტალიაში ჩერნობიოს ფორუმზე ჩავიდა, ასევე განაცხადა, რომ ამზადებს გარკვეულ გეგმას. მისივე თქმით, ამ გეგმას იგი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ორივე კანდიდატს – დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გააცნობს.

ბოლო სიახლეები