spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოFBI-ის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, 20 წლის თომას მეთიუ...

FBI-ის განცხადებით, მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია

მამაკაცი, რომელმაც დონალდ ტრამპის მოკვლა სცადა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია, ნათქვამია FBI-ის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე FBI-ის (აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო) საველე ოფიცერმა კევინ როჯეკმა დაადასტურა, რომ პენსილვანიაში მომხდარი ინციდენტი განიხილება როგორც მკვლელობის მცდელობა.

FBI-მ განაცხადა, რომ სანამ სროლების ხმა გაისმებოდა, მანამდე სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რომ დონალდ ტრამპის მიტინგის მიმდებარედ, შენობის სახურავზე ადამიანი იმყოფებოდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ოფიციალურ კანდიდატად დასახელებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლი გაუხსნეს და ყურის არეში დაჭრეს.

პენსილვანიის შტატ ქალაქ ბატლერში, თავდამსხმელ მამაკაცს საიდუმლო სამსახურის წევრმა ესროლა და ადგილზე მოკლა ტრამპის აშკარა მკვლელობის მცდელობის შემდეგ. საიდუმლო სამსახურის ცნობით, თავდამსხმელმა აქციაზე ერთი მაყურებელი მოკლა, ორი კი მძიმედ დაჭრა.

ვიდეო გვიჩვენებს, რომ ტრამპი, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, სიტყვით გამოსვლას წყვეტს და მიწაზე ეშვება, შემდეგ კი, ფეხზე დგება სისხლიანი სახით და შეიარაღებულ პირებს ტერიტორიიდან გაჰყავთ.

ყოფილი პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამპი თავს კარგად გრძნობს და ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადის შემოწმებას.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს, ასევე, პენსილვანიის გუბერნატორს და ქალაქ ბატლერის მერს, სადაც ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა.

„დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაშინგტონში ბრუნდება. ხვალ დილით თეთრ სახლში ის მიიღებს განახლებულ ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან და სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური პირებისგან”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატა სრულ გამოძიებას ჩაატარებს.

ბოლო სიახლეები