აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ოფიცრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ურთიერთდაცვის შეთანხმებას ჩრდილოეთ კორეასთან აქვს პოტენციალი შექმნას დაპირისპირება ჩინეთთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო იზოლაციაში მყოფი სახელმწიფოს მთავარი მოკავშირე.
„ჩვენ გვყავს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ახლა რაღაცნაირად ჩართულია, ასე რომ, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გამოიწვიოს (ჩინეთსა) და რუსეთს შორის. ასე რომ, საინტერესო იქნება ვნახოთ, როგორ განვითარდება ამ სამი ქვეყნის ურთიერთობა“, – განუცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, ს.ქ. ბრაუნმა ჟურნალისტებს საზღვარგარეთ სტუმრობისას.
ანალიტიკოსების აზრით, 19 ივნისს ფხენიანში პუტინისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილმა შეთანხმებამ შეიძლება შეამციროს პეკინის გავლენა თავის ორ მეზობელზე და ნებისმიერმა გაზრდილმა არასტაბილურობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩინეთის გლობალური ეკონომიკური და სტრატეგიული ამბიციების ხორცშესხმაზე.
20 ივნისს პუტინმა თქვა, რომ შესაძლოა, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას იარაღი მიაწოდოს, რაც მისი ვარაუდით, სარკისებური პასუხი იქნება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ შეიარაღებაზე.
ბრაუნმა აღიარა აშშ-ის შეშფოთება მოსკოვსა და ფხენიანს შორის დადებული შეთანხმების შესახებ, მაგრამ მან ასევე გამოთქვა ეჭვი, რომ მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას „ყველაფერი“ მისცეს, რაც მას სურს.
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას სურს რუსეთისგან შეიძინოს საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო რაკეტები, ჯავშანტექნიკა, ბალისტიკური რაკეტების წარმოების აღჭურვილობა ან მასალები და სხვა მოწინავე ტექნოლოგიები.
პუტინმა და კიმ ჩენ ინმა 19 ივნისს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც თითოეულ მხარეს ავალდებულებს, რომელიმე მათგანის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში დაუყონებლივ გაუწიონ სამხედრო დახმარება ერთმანეთს.
პუტინის თქმით, მოსკოვი ელოდება, რომ მისი თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან შემაკავებელი იქნება დასავლეთისთვის, მაგრამ რუსეთოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გამოყენება უკრაინასთან ომში საჭირო არ არის.
შეერთებული შტატები და უკრაინა აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკვე მიაწოდა რუსეთს მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვები და ბალისტიკური რაკეტები, რასაც მოსკოვი და ფხენიანი უარყოფენ.
მომზადებულია GUARDIANGE-ის მიერ