spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძე: ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება

ირაკლი კობახიძე: ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება.

„ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება.

მე მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ 2018 ან 2019 წელს, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივად და მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინცდამაინც დიდი დატვირთვა, იმიტომ, რომ ამერიკული დახმარება ძირითადად ხორციელდებოდა ენჯეოების მეშვეობით. აქედანაც შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ დასკვნები. როდესაც საქმე ეხება ენჯეოების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას. გზებს რაც შეეხება, გზებს აშენებს სამინისტრო, არის ხოლმე ხანდახან სესხები, ამერიკული ნაკლებად. გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო იმ თანხებით, რომელთა მობილიზება ხდება გადასახადების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები იხდიან გადასახადებს და ამ გადასახადების მეშვეობით იგება ქვეყანაში გზები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმი, თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება და გაღრმავება და ეს თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე ამერიკული მხარისთვის.

„აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.

მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პატივისცემა მოქმედი ელჩის მიმართ, განსხვავებით წინა ელჩისგან და წინა ელჩებისგან. მოქმედი ელჩი მთელი ამ თვეების განმავლობაში იყო განწყობილი კონსტრუქციულად და დადებითად. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ მისი პირადი წვლილიც იქნება შეტანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ჩვენ ვართ ყველანაირად მზად ამისთვის, მთავარია, რომ ვიხილოთ შესაბამისი ჯანსაღი შემხვედრი ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები