spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოსლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება – ვიცე-პრემიერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება – ვიცე-პრემიერი

GUARDIANGE – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა. როგორც ტომას ტარაბამ BBC-ის განუცხადა, ფიცოს ოპერაციამ „კარგად“ ჩაიარა – „ვვარაუდობ, რომ ის გადარჩება“.

ტარაბამ დასძინა, რომ პრემიერ-მინისტრს „ძალიან ახლოდან“ ესროლეს და „ერთმა ტყვიამ მუცელში გაიარა, მეორე ტყვია კი სახსარში მოხვდა“.

მანამდე თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ფიცო „სიცოცხლისთვის იბრძოდა“ მას შემდეგ, რაც მძიმედ დაიჭრა დედაქალაქ ბრატისლავადან 190 კილომეტრით დაცილებულ პატარა ქალაქ ჰანდლოვაში თავდასხმის შედეგად.

სროლაში ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე დააკავეს.

სროლის შემდეგ, ფიცო ვერტმფრენით სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და რამდენიმე საათი გაატარა საოპერაციო ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც თავდაცვის მინისტრის, რობერტ კალინაკის თქმით, „სიცოცხლისთვის იბრძოდა“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაჟ ესტოკამ მომხდარი პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობის მცდელობად შეაფასა.

პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუსახელებია. ადგილობრივი მედიის დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის 71 წლის მწერალი და პოლიტიკური აქტივისტია. ვიდეოზე, რომელიც ფართოდ გავრცელდა სლოვაკეთის მედიაში, სავარაუდო ეჭვმიტანილია ასახული.

კადრებში მამაკაცი ამბობს, რომ არ ეთანხმება მთავრობის პოლიტიკას და მის პოზიციას სახელმწიფო მედიის მიმართ. BBC ვერ ამბობს გადაჭრით, არის თუ არა ვიდეოში გამოსახული ადამიანი დამნაშავე, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს და არც ის გარემოებები იცის, თუ რა პირობებშია გადაღებული ვიდეო.

სროლა მოხდა იმ დღეს, როდესაც პარლამენტმა დაიწყო მთავრობის წინადადების განხილვა სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVS-ის გაუქმების შესახებ.

ათასობით სლოვაკი ბოლო კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის წინააღმდეგ. თუმცა, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დემონსტრაცია 15 მაისს, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც პრემიერ-მინისტრის სროლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

BBC-ისთან ინტერვიუში, ვიცე-პრემიერმა ტარაბამ სროლის მიზეზად სლოვაკეთის ოპოზიციური პარტიების „ცრუ ნარატივები“ დაასახელა.

„ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა წარსულში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მას ეშინოდა, რომ ეს მოხდებოდა“, – განაცხადა ტარაბამ BBC-ის გადაცემაში „მსოფლიო ამაღამ“.

მისივე თქმით, ფიცომ გააფრთხილა საზოგადოება, რომ იმ გზამ, რომლითაც „ხელისუფლებას ცრუ ნარატივებით ესხმიან თავს, შეიძლება გაამწვავოს ხალხის რეაქცია და მსგავსი რამ გამოიწვიოს“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ესტოკმა კი, მედია დაადანაშაულა იმ გარემოს შექმნაში, რამაც 59 წლის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს დაჭრა გამოიწვია. პრესკონფერენციაზე მან თქვა: „თქვენგან ბევრი იყო ის, ვინც ამ სიძულვილს თესავდა“.

ფიცო სლოვაკეთის ხელისუფლებაში გასული სექტემბრის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა, როგორც პოპულისტურ-ნაციონალისტური კოალიციის ხელმძღვანელი. მისი პრემიერ-მინისტრობის პირველი თვეები პოლიტიკურად ძალიან საკამათო აღმოჩნდა. იანვარში მან უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა და აპრილში სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVS-ის გაუქმების გეგმა წარადგინა.

ბოლო სიახლეები