spot_img
Wednesday, December 25, 2024
7.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აზიაში ნავთობზე ფასი დაეცა

ირანის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, აზიაში ნავთობზე ფასი დაეცა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ აზიაში გამართულ ვაჭრობაზე ნავთობის ფასები დაეცა. როგორც BBC იტყობინება, ერთი ბარელი ნედლი ნავთობი – ნავთობის ფასების ძირითადი ინდიკატორი საერთაშორისო დონეზე – ორშაბათ დილით, უფრო დაბალ ფასად იყიდებოდა, მაგრამ მაინც 90 დოლარამდე მერყეობდა. თუმცა, ირანის მოქმედების მოლოდინში, ფასები ბოლო პერიოდში გაიზარდა და გასულ კვირას ექვსი თვის მაქსიმუმს მიაღწია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანთან დაპირისპირება „ჯერ არ დასრულებულა“.

„ნათლად ჩანს, რომ ნავთობის ბაზარი ამ ეტაპზე ვერ ხედავს რაიმე დამატებითი მიწოდების საფრთხის გათვალისწინების აუცილებლობას. ნედლი ნავთობის ფასი შესაძლოა 90 დოლარის ნიშნულზე დაბლა დაეცეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ვარდნა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მოვაჭრეები რჩებიან კონცენტრირებულნი ღაზასა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ რისკებზე“, – თქვა ენერგეტიკის ანალიტიკოსმა, ვანდანა ჰარიმ.

ანალიტიკოსებმა ასევე განაცხადეს, რომ ისრაელის რეაქცია ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე საკვანძო იქნება გლობალურ ბაზრებზე მომდევნო დღეებში და კვირებში.

ორშაბათს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საფონდო ბირჟებზე აქციების ფასებიც დაეცა, რადგან ინვესტორები აფასებენ თავდასხმის გავლენას.

ოქროს ფასი კი, გაიზარდა, რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ უნციის ღირებულებამ 2400 დოლარამდე შეადგინა. ოქრო, გაურკვევლობის დროს, ხშირად განიხილება, როგორც უსაფრთხო ინვესტიცია და მისმა ფასმა გასულ უქმეებამდე მოიმატა სწრაფად.

რატომ დაესხა თავს ირანი ისრაელს?

ირანმა უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები გაუშვა ისრაელის მიმართულებით შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც პირობა დადო, რომ შურს იძიებდა 1-ელ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში მის საკონსულოზე თავდასხმის გამო, რა დროსაც ირანის საკუნსულოს თანამშრომლები, მათ შორის გენერლები დაიღუპნენ.

ისრაელს არ უთქვამს, რომ მან განახორციელა დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმა, მაგრამ ფართოდ გავრცელებული ვარაუდით, აღნიშნული თავდასხმის უკან სწორედ ისრაელი იდგა.

გასული კვირის ბოლოს, ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 92.18 დოლარს აღწევდა, რაც ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, შემდეგ კი ისევ დაეცა და 90.45 დოლარის ნიშნულზე დაიხურა.

აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაციის თანახმად, ირანი მსოფლიოში ნავთობის მეშვიდე უმსხვილესი მწარმოებელია და OPEC-ის ნავთობის მწარმოებელთა კარტელის მესამე უმსხვილესი წევრია.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნავთობის ფასის შემდგომი ზრდის მთავარი განმაპირობებელი იქნება ის, დაზარალდება თუ არა ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირება.

სრუტე – რომელიც ომანსა და ირანს შორისაა – გადაზიდვების გადამწყვეტი საზღვაო მარშრუტია, რადგან მასზე გადის მსოფლიო ნავთობის მთლიანი მარაგის დაახლოებით 20%.

OPEC-ის წევრები – საუდის არაბეთი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი და ერაყი თავიანთი ნავთობის ექსპორტის უმეტესობას სწორედ ჰორმუზის სრუტის გავლით აგზავნიან.

ბოლო სიახლეები