spot_img
Wednesday, December 25, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკამსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 5,2 პროცენტამდე...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და 5,2 პროცენტამდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზრდება, რაც ბანკის წინა პროგნოზს, რომელიც 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა, 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ამასთან, გაუმჯობესებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც, რაც, 4.5%-ის ნაცვლად, 5%-ზე არის ნავარაუდევი.

„ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს, სავარაუდოდ, 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად. ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს, სავარაუდოდ, 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

ასევე, პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად. ამასთან, ანგარიშის სპეციალური თავი ეთმობა კერძო სექტორის პოტენციალის გამოყენებას. ის მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება დაიწყო გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით და კერძო ინიციატივის გაჩენით, რომელიც ზრდის და კეთილდღეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, რეგულაციების აღსრულების და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

„საქართველომ წარმატებით განახორციელა ბაზრის გარდაქმნის პირველი თაობის რეფორმები; ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, რეგულაციების აღსრულების და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, ბიზნესის დინამიზმი მოითხოვს რამდენიმე გამოწვევაზე რეაგირებას, მათ შორისაა, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ფირმებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ამაღლება“, – აღნიშნა როლანდ პრაისმა, როგორც ამას „პირველი არხი“ იტყობინება.

ბოლო სიახლეები