spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიბიზნესილონდონსა და თბილისს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

ლონდონსა და თბილისს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაინიშნოს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში შეხვედრა გამართეს, რომელსაც ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე.

„შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე ჩვენი სამინისტრო ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ მოლაპარაკების პროცესში და შესაბამისად, დავგეგმეთ საერთო აქტივობები. ჩვენ გვაქვს აქტიური, მიმდინარე მოლაპარაკებები პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ მათ დაიწყონ პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისის მიმართულებით. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა უახლოეს დღეებში პოტენციურ, პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთობლივი კომუნიკაცია“,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საკმაოდ მზარდია ტურისტული ნაკადები ბრიტანეთიდან – საქართველოს ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც აისახება ვიზიტორების ზრდაზეც. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული ავიაკომპანიებისგან გაზრდილია ინტერესი საქართველოში ოპერირებაზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები