საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები 2024 წლის 2 მარტის, 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, დირექტორობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციის პროცესში მაღალი მომართვიანობის საფუძველზე იქნა მიღებული.
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე კანდიდატს, რომელსაც აქვს:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ ასარჩევად.
ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა).
დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას.
ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის ის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნული პირები რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უთითებენ სამ სასურველ საჯარო სკოლას და კონკურსში ერთვებიან გასაუბრების ეტაპზე.
დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას.
დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
ბ) ფოტოსურათს;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ;
ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ;
ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ;
ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.
დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge