spot_img
Wednesday, December 25, 2024
1.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან 31 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული

ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან 31 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული

GUARDIANGE – უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 31 000 უკრაინელი ჯარისკაცია მოკლული. მან აღნიშნა, რომ არ დაასახელებს დაჭრილთა რაოდენობას, რადგან ეს რუსეთს სამხედრო დაგეგმვაში დაეხმარება.

როგორც BBC იტყობინება, როგორც წესი, უკრაინელი ოფიციალური პირები არ ასაჯაროებენ მსხვერპლის მონაცემებს და სხვა შეფასებები გაცილებით მაღალია.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 2023 წლის აგვისტოში 70 000 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცისა და 120 000 დაშავებულის შესახებ განაცხადეს.

„31 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ომში და არა 300 000 ან 150 000, ან რასაც პუტინი და მისი მატყუარა წრე ამბობს. მაგრამ თითოეული ეს დანაკარგი დიდი დანაკარგია ჩვენთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ მას შემდეგ, რაც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტამ უმეროვმა თქვა, რომ უკრაინისთვის დასავლური დახმარების ნახევრის მიღების საკითხი გადაიდო, რაც უკრაინელებს სიცოცხლისა და ტერიტორიის ფასად დაუჯდათ.

რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, ზელენსკიმ თქვა, რომ 180 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და ათიათასობით დაშავდა.

რუსულმა BBC-იმ, ვებგვერდ Mediazona-სთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 45 000-ზე მეტი დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელი და გვარი დაადგინა, მაგრამ მისი შეფასებით, საერთო რაოდენობა უფრო მეტია.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებული შეფასების მიხედვით კი, რუსეთ-უკრაინის ომში 350 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა.

ომში უფრო ფართო დანაკარგებზე საუბრისას, ზელენსკიმ თქვა, რომ ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში, მაგრამ ნამდვილი რაოდენობა უცნობია. „არ ვიცი, რამდენი მათგანი გარდაიცვალა, რამდენი მოკლეს, რამდენი აწამეს, რამდენი გააძევეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც BBC იუწყება, უკრაინა ამჟამად თავისი ტერიტორიიდან რუსეთის განდევნის მხრივ სხვადასხვა წარუმატებლობას განიცდის. თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა თქვა, რომ მარაგების ნაკლებობამ უკრაინა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააგდო „ომის მათემატიკაში“. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია თუ შეუძლებელია, მაგრამ დროული მომარაგების გარეშე, ვზიანდებით“, – თქვა მინისტრმა.

გერმანიამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ევროკავშირის გეგმა, უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვის მარტამდე მიწოდების შესახებ, არ შესრულდებოდა. იანვარში ევროკავშირმა თქვა, რომ მათგან მხოლოდ ნახევარზე მეტი მიაღწევს უკრაინას ვადამდე და რომ დაპირებული თანხა 2024 წლის ბოლომდე არ იქნება მიღებული.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის კონტრშეტევა, რის მიმართაც ასეთი დიდი მოლოდინი იყო, შარშან ადრე არ დაიწყო, სწორედ იარაღის ნაკლებობას უკავშირდებოდა.

როგორც BBC იუწყება, უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ადრეულ ეტაპზე გარკვეული წარმატების მოპოვების შემდეგ, ეს კონტრშეტევა დიდწილად ჩავარდა, იმ სხვა ჩავარდნებთან ერთად, რომელსაც კიევი 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ აწყდება.

გასულ კვირას გამოცხადდა, რომ უკრაინული ჯარები გაიყვანეს აღმოსავლეთის საკვანძო ქალაქ ავდიივკადან, რაც მოსკოვის ყველაზე დიდი გამარჯვებაა ბოლო თვეების განმავლობაში. ზელენსკიმ ეს ნაწილობრივ დასავლეთის იარაღის მარაგების შემცირებასაც დააბრალა.

ამავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კონგრესში უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის შეჩერებამ ხელი შეუწყო ქალაქის დაცემას.

ბოლო სიახლეები