spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაჯორჯ ბუში: გულს მტკენს, თუ როგორ ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში

ჯორჯ ბუში: გულს მტკენს, თუ როგორ ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხეში

უკრაინის გამარჯვებამ შესაძლოა, გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილშია ნათქვამი, რომელიც თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე – „პუტინიზმის დამარცხება“ – წაიკითხეს.

თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება“ მიმდინარეობს, რომელსაც „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ მასპინძლობენ.

ბუშის წერილში აღნიშნულია, რომ კვლავ არსებობს კითხვები საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ.

„გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელების მიმართ”, – ამბობს ბუში.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეკრებაა და ვამაყობ, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ არის ამ ღონისძიების პარტნიორი. ლორა და მე მივესალმებით ქართველ ხალხს, ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს. მაშინ, როდესაც თქვენ ხვდებით თბილისში, მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიჯაჭვულია უკრაინაზე. ამ ომის შედეგს აქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება. უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს იმ ხალხის ძალას, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ იცხოვროს თავისუფლებაში, უკრაინის გამარჯვებამ შესაძლოა, ასევე გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ“, – აღნიშნულია ჯორჯ ბუშის წერილში.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელების მიმართ. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო“, – ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.

ბოლო სიახლეები