საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ობიექტის დაცვისა და განვითარების მიზნით შექმნილი პროექტით გათვალისწინებულია მისი გადახურვა, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობა. არქეოლოგიური ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა შესაძლებელი იქნება ფერმებზე დაკიდებულ საფეხმავლო პანდუსზე ასვლით.
ობიექტზე არქეოლოგიური გათხრები 2006 წელს დაიწყო. ექსპედიციას პროფესორი მინდია ჯალაბაძე ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან სამუშაოები უფრო მასშტაბური გახდა.
2015 წელს აღმოაჩინეს თიხის ჭურჭელი, რომელიც ანალიზისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის უნივერსიტეტში გაიგზავნა, სადაც დადგინდა, რომ ჭურჭლის ფორებში შემორჩენილი იყო 8000-წლოვანი ღვინის ნაშთები. 2017 წელს ეს არქეოლოგიური აღმოჩენა მსოფლიოს 10 მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის დასახელდა. იგი ავლენს მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოს მიწას ღვინის აკვნად წარმოაჩენს.
საგულისხმოა, რომ 2021 წელს, როდესაც კულტურის სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, მინისტრმა თეა წულუკიანმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის იმდროინდელ მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად მოინახულა ნამოსახლარი.
ლევან დავითაშვილის შუამდგომლობითა და მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ტერიტორია გადაეცა კულტურული მემვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. რადგან ტერიტორიას ბუნებრივი მოვლენების გამო საფრთხე ემუქრებოდა, კულტურის სამინისტრომ მიიღო ზომები მის დასაცავად. ეს არქეოლოგიური ზონა და ნამოსახლარი მიწის შენობა-ნაგებობის სახით არის წარმოდგენილი, რომელსაც ქარი და წვიმა რეცხავდა, ამიტომ 2022 წელს სამინისტრომ გამოყო ხუთი მილიონი ლარი, რის შემდეგაც დაიწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რათა ძეგლი ყოფილიყო დაცული და სტუმრებს ენახათ ადგილი, სადაც აღმოჩნდა როგორც ვაზის, ასევე ღვინის უძველესი ნაკვალევი.
იმირის „გადაჭრილი გორა“ ქვემო შულავერის ჯგუფის ნამოსახლარებში ერთიანდება და ადრესამიწათმოქმედო ძეგლების უადრესი ნიმუშია. თარიღდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებით. სხვადასხვა დონეზე აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ძირითადად, ღია ფერის გამომწვარი, გაპრიალებული ზედაპირით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ორმოს ძირზე ყურძნის წიპწისა და მცენარეთა (ნესვი, ღოლო, თათაბო, ყანის ჭლექი, შალაფა (ვალამი), შავთარა, ნაცარქათამა, ბრტყელი ნარი) თესლის აღმოჩენის ფაქტი. ორმოს გარდა, კულტურული ნაშთები აღმოჩნდა მთელ გათხრილ ფართობზე. ორივე თხრილში მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობით გამოვლინდა კერამიკული ნაშთები, ნატკეცი ქვის მასალა, ძვლის ნაწარმი და ირმის რქის იარაღი.
არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტი.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე დასრულდება. მომდევნო ეტაპზე დაიწყება ტერიტორიის კეთილმოწყობა.
„გადაჭრილი გორა“ იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე – საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისიდან სამხრეთით სულ რაღაც 32 კილომეტრის სავალ მანძილზე, მიადგებით ბორცვს, რომელსაც გადაჭრილი გორა ჰქვია და რომლის მკვიდრი ქვის ხანის ფერმერები, რომლებიც აქ 8 000 წლის წინათ ცხოვრობდნენ, ყურძნის მოყვარულნი იყვნენ. მათი ყურძნით დეკორირებული თიხის ჭურჭელი, მის ფრაგმენტებზე და ამ ადგილის მიწისთვის ჩატარებული ქიმიური ანალიზი ადასტურებს, რომ ახლომდებარე ტყიანი ბორცვები ერთ დროს ვაზის ლერწმებით იყო მოფენილი. ასე იწყებს „National Geographic“-ის ავტორი სტატიას, რომელიც 2017 წელს გამოქვეყნდა და რომლის ქართული თარგმანის ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს GUARDIANGE გთავაზობთ. სტატიის სანახავად მიჰყევით ბმულს.