ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწყებს მის უცხოურ ვიზიტს ბრიუსელიდან. როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ამ ვიზიტის პირობებში 2 მთავარი განზომილება იქნება, ერთი არის ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, რომელიც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს და ევროკავშირის.
„ვფიქრობ, რომ პირველად ხდება, როდესაც უკვე ქვეყანა, რომელსაც აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, სწორედ ამ ფორმატში აგრძელებს თანამშრომლობას ევროკავშირთან და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ის სწორედ ბრიუსელში ჩამობრძანდა ასოცირების საბჭოს ჩასატარებლად.
ასევე გვექნება ჩვენ ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ჩვენი მეორე მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ესეც არის მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის. შესაბამისად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ვფიქრობ, რომ ზოგადად, ამ პირველი ვიზიტით ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყება, ახალი იმპულსი შემოვა ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გაძლიერების და აქსელერაციის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი დაიწყებს ამ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი მომდინარეობს ყოველდღიური რეფორმების განხორციელებით, თანმიმდევრული მიდგომით სხვადასხვა მიმართულებით.
„ვიცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა ძალიან დინამიური საკანონმდებლო აქტივობები. საქართველოს პარლამენტმა უამრავი კანონი შეიმუშავა, უამრავ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომელსაც შესაბამისობაში მოჰყავს ჩვენი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავსებადობა ევროკავშირთან. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება. რეფორმები არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას, რომლის მიმართულებითაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან ცალსახა დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა აღებული და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ეს რეფორმები, ეს თანმიმდევრული საკანონმდებლო აქტივობები არის გზა ჩვენი შემდგომი დაახლოების, ჩვენი შემდგომი პროგრესის, ინტეგრაციის და შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საუბარი.
რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, ერთია ჩვენი პოლიტიკური აფილირება და ასოციაცია ევროპულ ოჯახთან, ევროკავშირთან და მეორეა უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ჩვენი ინტეგრაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის სარგებელი, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია. სექტორული თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავს. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში ასევე ბრძანდება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც, რა თქმა უნდა, თავის ნაწილშიც ისაუბრებს იმ პერსპექტივებზე, რომელიც მომავალში გვექნება. სექტორული თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და ბევრი განზომილებით, გარდა პოლიტიკური განზომილებისა, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხვალისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი კომპონენტების და მეტი შესაძლებლობების იდენტიფიცირება მოვახდინოთ იმისთვის, რომ საქართველომ უკვე პრაქტიკულ დონეზე გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.